TV პირველი

TV პირველი დიანა ტრაპაიძემაც დატოვა

Diana Trapaidze/Facebook.com

TV პირველი დიანა ტრაპაიძემაც დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

"დღეიდან "დღის ამბებს“ აღარ წავიყვან. მივდივარ ტელევიზიიდან, მაგრამ სულ ვიქნები TV პირველის გულშემატკივარი. იქ ჩემი ძალიან კარგი მეგობრები მუშაობენ და წარმატებები მათ.

განსაკუთრებული მადლობა ვატოს, ინგას, ჟიჟის, ვახოს, ნანას. მათთან და სხვებთან ერთად მეც ვაკეთებდი არცთუ ურიგო ტელევიზიას და იქ პროფესიული ცხოვრების ალბათ საუკეთესო 4 წელი გავატარე.

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე, რომ ახლა დასრულების დროა.
პ.ს. არ გადავდივარ არსად. ცოტას დავისვენებ და მერე დავიწყებ თავიდან". – წერს ტრაპაიძე.

რამდენიმე დღის წინ, TV პირველი ტელეწამყვანებმა, ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა დატოვეს. მათი განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი "არხის განვითარების პროცესია, სადაც ჩვენი ხედვები აღარ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს". სანაიასა და ჟიჟილაშვილთან ერთად არხი დატოვა პოლიტმეტრის სარედაქციო შემადგენლობამაც – გიორგი დარჩაშვილმა, ხატია შამანაურმა, გიორგი კიკაბიძემ, სოფო მაისურაძემ და მიხო კოტეტიშვილმა.

TV პირველზე საკადრო ცვლილებები მაისიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც არხზე ნოდარ მელაძე და მთავარი არხიდან მასთან ერთად წამოსული ჟურნალისტები გადავიდნენ. მელაძე აპრილში TV პირველის მთავარ პროდიუსერად დაინიშნა. პირველ მაისს ცნობილი გახდა, რომ ნინო ჟიჟილაშვილი არხის საინფორმაციო სამსახურს აღარ უხელმძღვანელებდა.

6 ივნისს კი არხის დირექტორის პოსტი ინგა გრიგოლიამ დატოვა და ის ტვ პირველის მფლობელმა, ვატო წერეთელმა ჩაანაცვლა.

კომენტარები