კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 15 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია, ორის წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 15 ახალი ინფიცირებულიდან ორის წყარო უცნობია და მისი მოძიება მიმდინარეობს. ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი ინფიცირებულებიდან ორი არის მედპერსონალი. 

"15 ახალი შემთხვევიდან ორი სამედიცინო პერსონალია, ხუთი არის საკარანტინო სივრციდიან, ოღონდ შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევები. ხუთი არის ისევ საკარანტინო სივრციდან, თუმცა, უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ერთი არის საბურთალოს წყაროსთან დადასტურებული კონტაქტი, ორის წყაროს მოძიება კი გრძელდება". – ამბობს ეზუგბაია. 

მისივე თქმით, უცნობი წყაროს მქონე პაციენტების რაოდენობა ალბათ შემცირდება და პირველწყარო გამოვლინდება, თუმცა, ამას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის 40 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. ორი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ერთის კი კვლავ მძიმეა. 

"ჩვენთან 40 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. გუშინ, დღე-ღამის განმავლობაში, შემოვიდა ოთხი დადასტურებული შემთხვევა, ერთი საბურთალოს შემთხვევა, სამი შემოტანილი – 2 არის სომხეთიდან, 1 შემოსული არის მოსკოვის რეისიდან". – ამბობს ეზუგბაია. 

ეზუგბაიას თქმით, გუშინ, 14 ივნისს, შემოსული პაციენტების მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 879-ია. გამოჯანმრთელდა 704 და გარდაიცვალა 14 პაციენტი.

კომენტარები