არჩევნები 2020

მათიკაშვილი: არჩევნების გადადებაზე გადაწყვეტილებას მოცემული ვითარების მიხედვით მივიღებთ

ტაბულა / ტაბულა

ქართული ოცნების წევრი, დავით მათიკაშვილი თანაგუნდელების მსგავსად ამბობს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. 

მისივე თქმით, ქვეყანა პანდემიას ებრძვის, ხოლო ოპოზიცია არჩევნებით სპეკულირებს.  

"პანდემია არ დასრულებულა. ბოლო დროს, ეს რამდენიმე დღე საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ მიუხედავად შემსუბუქებისა და გარკვეული მიმართულებით ეკონომიკის გახსნისა, ჩვენ არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამ მხრივ მდგომარეობა კარგია... ყველა გადაწყვეტილება, ამას მინდა ხაზი გავუსვა, რაც იქნება არჩევნებთან დაკავშირებით, იქნება მიღებული, იქნება იმ გამოწვევებით ნაკარნახევი, რომელიც კონკრეტულ მოცემულ სიტუაციაში იქნება საზოგადოებაში". – ამბობს დავით მათიკაშვილი

არჩევნების გადავადებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ, თუ არჩევნების წინა პერიოდში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდება, მთავრობა საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, არჩევნები კი ჩატარდება "საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან არა უადრეს 45 და არა უგვიანეს 60 დღისა". მისივე თქმით, თუ ოქტომბერში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ნოემბრის დასაწყისში გაუქმდება, არჩევნების ჩატარების თარიღი, "წესით, უწევს დეკემბრის ბოლოს."

კობახიძის აზრს იზიარებს ქართული ოცნების კიდევ ერთი წევრი გიორგი კახიანი და ამბობს, რომ თუ კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მაშინ არჩევნების ჩატარების თარიღი გადავადდება. სოფო კილაძე კი მიიჩნევს, რომ ქართულ ოცნებას ისეთი მაღალი რეიტინგი აქვს, რომ არჩევნების ოქტომბერში გამართვის არ ეშინია. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ 2020 წლის საპარალამენტო არჩევნების გადავადებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების საუბრები პოლიტიკური სპეკულაციაა. ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ამის ობიექტური საფუძველი არ არსებობს და აღნიშნავს, რომ რა დროს და რა სისტემითაც არ უნდა გაიმართოს არჩევნები, ქართული ოცნება დამარცხდება. ამ აზრს ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძეც იზიარებს და ამბობს, რომ ქართული ოცნება არჩევნებში განწირულია. 

კომენტარები