არჩევნები 2020

სამადაშვილი არჩევნების გადადებაზე: ხელისუფლებას მოახლოებული არჩევნების უკიდურესად ეშინია

ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის წევრს, სალომე სამადაშვილს არ უკვირს, რომ არჩევნების შესაძლო გადადებაზე საუბარი დაიწყო. მისი თქმით, როდესაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის ცხოვრება უარესდება, ხელისუფლებას "მოახლოებული არჩევნების უკიდურესად ეშინია".

სამადაშვილი ირაკლი კობახიძეს ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ თუ კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა არჩევნების წინა პერიოდს დაემთხვევა, არჩევნები "ჩატარდება, პირობითად, დეკემბერში."

სამადაშვილის თქმით, რა დროსაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ქართული ოცნება დამარცხდება. 

"პანდემიას საქართველოს კონსტიტუციის დასარღვევად და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასარღვევად ეს ხელისუფლება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოიყენებს... რა დროსაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები – ხვალ, ზეგ, ოქტომბერში თუ ერთი თვის შემდეგ, ქართულ ოცნებას ელოდება გარდაუვალი პოლიტიკური კრახი". - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

არჩევნების გადავადებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ, თუ არჩევნების წინა პერიოდში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდება, მთავრობა საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, არჩევნები კი ჩატარდება "საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან არა უადრეს 45 და არა უგვიანეს 60 დღისა". მისივე თქმით, თუ ოქტომბერში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ნოემბრის დასაწყისში გაუქმდება, არჩევნების ჩატარების თარიღი, "წესით, უწევს დეკემბრის ბოლოს".

კობახიძის აზრს იზიარებს ქართული ოცნების კიდევ ერთი წევრი, გიორგი კახიანი და ამბობს, რომ თუ კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მაშინ არჩევნების ჩატარების თარიღი გადავადდება. სოფო კილაძე კი მიიჩნევს, რომ ქართულ ოცნებას ისეთი მაღალი რეიტინგი აქვს, რომ არჩევნების ოქტომბერში გამართვის არ ეშინია. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ 2020 წლის საპარალამენტო არჩევნების გადავადებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების საუბრები პოლიტიკური სპეკულაციაა. ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ამის ობიექტური საფუძველი არ არსებობს და აღნიშნავს, რომ, რა დროს და რა სისტემითაც არ უნდა გაიმართოს არჩევნები, ქართული ოცნება დამარცხდება. ამ აზრს ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძეც იზიარებს და ამბობს, რომ ქართული ოცნება არჩვენებში განწირულია.

კომენტარები