კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ჩვენი მოქალაქეების ნაწილის ქცევას თუ ვუყურებთ, შეიძლება ვითარება უფრო ადრე დაიძაბოს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონავირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ მეორე ტალღას შემოდგომაზე და ზამთარში ვარაუდობენ. თუმცა, მისი თქმით, თუკი მოქალაქეები რეკომენდაციებს არ დაიცავენ, "შეიძლება სიტუაცია გაცილებით ადრე დაიძაბოს". 

"შემოდგომა და ზამთარი – ამაზე ლაპარაკობს მთელი მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაციები. ჩვენც ვიცით, რომ ზამთარი რომ მოდის, მაშინ მოდის ხოლმე სეზონი რესპირაციული დაავადებების. 

ჩვენი მოქალაქეების ნაწილის ქცევას როცა ვუყურებთ, შეიძლება სიტუაცია გაცილებით უფრო ადრე დაიძაბოს, ვიდრე ამას ველოდებოდით". – ამბობს იმნაძე. 

იმნაძემ რკინიგზაზეც ისაუბრა, რომელმაც ფუნქციონირება დღეიდან, 15 ივნისიდან განაახლა და თქვა, რომ მატარებლით მგზავრობა, ამ შემთხვევაში, ყველაზე უსაფრთხოა. 

“რკინიგზა საკმაოდ კარგად მოემზადა. ერთერთი ყველაზე უსაფრთხო, ამ მხრივ, რკინიგზით მგზავრობაა, იქ გაცილებთ ადვილია მგზავრების კონტროლი, იქ სახელობითი სიებით არის ბილეთები. აქედან გამომდინარე, რკინიგზა, ამ შემთხვევაში, ყველა სხვა ტრანსპორტს შორის არის ყველაზე უსაფრთხო”. – ამბობს პაატა იმნაძე. 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 879-ია. მათგან 704 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 14 პაციენტი.

დღეისათვის საქართველოში კორონავირუსის 161 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები