კრიმინალი

"ჩეჩნური დაჯგუფების სახელით ფულს სძალავდა" - ე. წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის კაცი დააკავეს

პოლიციამ სამეგრელოში ერთი პირი დააკავა გამოძალვისა და ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, გიორგი ლილუაშვილის თქმით, ბრალდებული ა. გ. და მისი საზღვარგარეთ მყოფი შვილი, 2001 წელს დაბადებული გ. გ. "ვითომდა ჩეჩნური დაჯგუფების ლიდერების –"მაგამედისა" და "ხაკიმის" სახელით" ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის, თემური გვასალიას (მეტსახელად „თემურ სოხუმსკი“) დახმარებით 60 000 აშშ დოლარს სძალავდნენ მოქალაქეს – 1967 წელს დაბადებულ მ.ყ.-ს, ვაჟიშვილის გატაცების, ასევე, მისი და მისივე ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით.

"სამართალდამცველებმა ა.გ. დაზარალებულისგან მოთხოვნილი თანხის გამოძალვის დროს დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პოლიციამ გამოძალული თანხის ნაწილი – 10 000 აშშ დოლარი ნივთმტკიცების სახით ამოიღო". – აცხადებს შსს.

დაკავებულ ა.გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც "ქურდული სამყაროს" წევრობას გულისხმობს. ასევე, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს. დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითაც წარედგინა (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება).

კომენტარები