ეკონომიკა

წესების დარღვევისათვის ბოლო 2 დღეში 16 საკვები ობიექტი 160 000 ლარით დაჯარიმდა

გასულ უქმეებზე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევისათვის 16 საკვები ობიექტი ჯამურად 160 000 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა. 

ფერაძის თქმით, ბოლო დღეებში ინსპექტირება ჯამურად 26 საკვებ ობიექტზე ჩატარდა, აქედან 10 ობიექტი სრულად აკმაყოფილებდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ხოლო 16 ობიექტზე სხვადასხვა სახის დარღვევები გამოვლინდა. თითოეული ობიექტი 10 000 ლარით დაჯარიმდა.

ბექა ფერაძემ სასტუმროების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ დარეგისტრირებული 939 სასტუმროდან საქმიანობის უფლება მხოლოდ 150 ობიექტს მიეცა, 175 სასტუმრომ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, ხოლო დანარჩენებმა კი დამატებითი დრო ითხოვეს. 

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში – 21 მარტიდან 22 მაისამდე პოლიციამ სულ 22 590 000 ლარის ჯარიმები გამოწერა. 

კომენდანტის საათისა თუ საკარანტინე რეჟიმის დარღვევისთვის მოცემულ პერიოდში 7 444 ფიზიკური და 18 იურიდიული პირი დააჯარიმეს. საგანგებო მდგომარეობის დროს წესების დარღვევისთვის ფიზიკურ პირებზე ჯარიმა – 3000 ლარს, ხოლო იურიდიულ პირებზე 15 000 ლარს შეადგენს. 

კომენტარები