ანა დოლიძე

NGO-ები: თუ ანა დოლიძე პოლიტიკურ საქმიანობას გეგმავს, იუსტიციის საბჭო უნდა დატოვოს

ანა დოლიძე
ანა დოლიძე

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ თუ ანა დოლიძე პოლიტიკურ საქმიანობას გეგმავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დატოვოს.

ანა დოლიძემ, რომელიც 2018 წლის ივნისიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია, 2020 წლის 21 მაისს სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის" დააფუძნა. NGO-ების შეფასებით, ამან საზოგადოების ნაწილში გააჩინა მოლოდინები მის სამომავლო პარტიულ საქმიანობასა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით, რაც იუსტიციის საბჭოში მის თანამდებობასთან შეუთავსებელია.

"ამიტომ, თუ ის უახლოეს მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, მოვუწოდებთ თავად და დროულად მიიღოს გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ". – აცხადებენ ორგანიზაციები.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხელმომწერი ორგანიზაციები აქტიურად უჭერდნენ მხარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზების საკითხს. სწორედ ამ მიზნით, 2013 წლის საკანონმდებლო ცვლილების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ პარლამენტის წევრები, ისინი ჩაანაცვლეს აკადემიური და პროფესიულმი წრეების წარმომადგენლებმა, რომლებსაც აეკრძალათ პოლიტიკური გაერთიანების წევრობა და "პოლიტიკური საქმიანობა". ამგვარი საქმიანობის განხორციელება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის წინაპირობას წარმოადგენს. კანონის მიზანია სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა და შენარჩუნება.

აღსანიშნავია, რომ ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად დანიშვნის დღიდან აქტიურად არის ჩართული სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გამოვლენის, მათი გადაჭრის გზების ძიებისა და საზოგადოების ინფორმირების პროცესში, იგი მწვავე ოპონირებას უწევს სასამართლოში არსებულ კლანს. განსაკუთრებით ღირებული და მნიშვნელოვანია ის შრომა, რომელიც მან გასწია უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკანონმდებლო ბაზისა და კანდიდატთა შერჩევის პროცესის სრულყოფის კუთხით.

2020 წლის 21 მაისს ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის” დააფუძნა. მისი განცხადებით, მოძრაობის მიზანი  ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაა „სუფთა ხელებით”. ამავე დღეს ანა დოლიძემ საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე „მანიფესტი ხალხისთვის” გამოაქვეყნა და ტელეკომპანია პირველის პირდაპირ ეთერში, გადაცემა რეაქციაში სტუმრობისას, ორგანიზაციის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრა. ყოველივე ზემოთქმულმა საზოგადოების ნაწილში გააჩინა მოლოდინი მის სამომავლო პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, თუ ანა დოლიძე ახლო მომავალში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას გეგმავს, მნიშვნელოვანია, მან თავად და დროულად მიიღოს გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ.

"ამავდროულად, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ანა დოლიძის თანამდებობიდან გადაყენების უფლებამოსილება არც ერთ სახელმწიფო ორგანოს ან/და თანამდებობის პირს არ აქვს". – წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • უფლებები საქართველო
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

კომენტარები