არჩევნები 2020

თალაკვაძე: ოპოზიციასთან კონსულტაციების მერე გადავწყვეტთ, თუ რა წესებით ჩატარდება არჩევნები

არჩილ თალაკვაძე
საქართველოს მთავრობა

"ვეცდებით, შევიმუშავოთ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ისეთი წესი, რომელიც, ერთი მხრივ, მოქალაქეებს დაიცავს ინფექციის გავრცელებისგან, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს საარჩევნო უფლების სრულ რეალიზებას" - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. 

მისივე თქმით, ამ თემაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, ჩართულია ცენტრალურ საარჩევნო კომისია და საერთაშორისო პარტნიორები.

"მივმართეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ მოგვცენ ამ თემაზე კონსულტაცია და რჩევები, თუმცა, საბოლოოდ, რასაკვირველია, ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა იქნება კონკრეტულად ის წესები, რომელიც საარჩევნო პროცესში იქნება საჭირო". – თქვა არჩილ თალაკვაძემ.

არჩევნების გადავადებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ, თუ არჩევნების წინა პერიოდში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდება, მთავრობა საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, არჩევნები კი ჩატარდება "საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან არა უადრეს 45 და არა უგვიანეს 60 დღისა". მისივე თქმით, თუ ოქტომბერში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ნოემბრის დასაწყისში გაუქმდება, არჩევნების ჩატარების თარიღი, "წესით, უწევს დეკემბრის ბოლოს".

კობახიძის აზრს იზიარებს ქართული ოცნების კიდევ ერთი წევრი, გიორგი კახიანი და ამბობს, რომ თუ კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მაშინ არჩევნების ჩატარების თარიღი გადავადდება. სოფო კილაძე კი მიიჩნევს, რომ ქართულ ოცნებას ისეთი მაღალი რეიტინგი აქვს, რომ არჩევნების ოქტომბერში გამართვის არ ეშინია.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ 2020 წლის საპარალამენტო არჩევნების გადავადებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების საუბრები პოლიტიკური სპეკულაციაა. ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ამის ობიექტური საფუძველი არ არსებობს და აღნიშნავს, რომ, რა დროს და რა სისტემითაც არ უნდა გაიმართოს არჩევნები, ქართული ოცნება დამარცხდება. ამ აზრს ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძეც იზიარებს და ამბობს, რომ ქართული ოცნება არჩევნებში განწირულია.

კომენტარები