ჩრდ. კორეამ საზღვრის თავის მხარეს სამხ. კორეასთან სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა

REUTERS

ჩრდილოეთ კორეამ საზღვრის თავის მხარეს, ქალაქ კაესონგში, სამხრეთ კორეასთან სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა.

აფეთქებას წინ უძღოდა ჩრდილოეთ კორეის მუქარა, რომ სამხრეთ კორეის საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში ჯარს გაგზავნიდა. კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო-ჯონგმა თქვა, რომ არმიას უკვე მისცა ბრძანება დემილიტარიზებულ ზონაში შესაძლო განთავსების მზადყოფნისათვის.

სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტრო აფეთქების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.

სამხრეთ კორეის სამხედრომ გამოცემა Reuters-ს განუცხადა, რომ დილით შესაძლო აფეთქებას ელოდებოდნენ და ჯარისკაცები შენობის აფეთქებას პირდაპირ ეთერში თვალყურს ადევნებდნენ.

ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის სამეკავშირეო ოფისი 2018 წელს დაარსდა, რაც ორ კორეას შორის დაძაბულობის შემცირების ნაწილს წარმოადგენდა. 

ოფისში ორივე მხრიდან ათეულობით ოფიციალური პირი მუშაობდა. იანვარში ახალი კორონავირუსის გამო ოფისი დაკეტეს.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. მიზეზი ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთიდან გაგზავნილი პროკლამაციებია. ბუშტებზე მიბმულ ბროშურებსა და მეხსიერების ბარათებს, რომლებიც სამხრეთ კორეულ ფილმებსა და ახალ ამბებს შეიცავს, ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეულ პირთა ჯგუფები საზღვარზე უშვებენ. ჩრდილოეთ კორეაში ამბობენ, რომ ეს საფრთხეს უქმნის საზღვართან მცხოვრებ ადამიანებს.

სამხრეთ კორეაში მუქარის საპასუხოდ თქვეს, რომ აშშ-სთან ერთად აკვირდებიან ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალების გადაადგილებას.

მიმდინარე თვის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეაში განაცხადეს, რომ სამხრეთ კორეასთან ყველანაირ კომუნიკაციას წყვეტენ, მათ შორის გაითიშა ცხელი ხაზი, რომლითაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ და სამხედრო კომუნიკაციის არხები.

ჩრდილოეთ კორეაში თქვეს, რომ ეს პირველი ნაბიჯია "მტრის" წინააღმდეგ.

კომენტარები