არჩევნები 2020

რომან კაკულია: არჩევნების გადაწევას იქით კი არა, აქეთ მივესალმებოდი

საქართველოს მთავრობა

ქართული ოცნების წევრის, რომან კაკულიას თქმით, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე არჩევნების გადადებას მხარს არ დაუჭერს. 

მისივე თქმით, არჩევნების გადავადება ყველაზე მეტად ქართულ ოცნებას არ აწყობს, რადგან ისეთი საკითხებია დღის წესრიგში დამდგარი, რომელთა მიმართ საზოგადოების აზრის დროულად გამოხატვაა აუცილებელი. 

"თუ გადადებაზე და არჩევნების თარიღის ცვლილებაზეა საუბარი, მე პირადად მივესალმები მხოლოდ უკან გადმოწევას, რაც შეიძლება მალე, იმიტომ რომ ისეთი საკითხებია უკვე დღის წესრიგში დამდგარი, დაწყებული ამერიკელი კონგრესმენებიდან და ბევრი სხვა საკითხი, რომელთა მიმართაც საზოგადოების აზრის გამოხატვა სანამ არ მოხდება, ჩვენ ვერავითარ პროგრესს ვეღარ განვიცდით. ამიტომ, რაც უფრო მალე გაირკვევა, საზოგადოება ვის რა სახელს არქმევს, ვის როგორ აღიქვამს. ეს არის ძალიან მალე გასაკეთებელი, ამიტომ არჩევნების გადაწევას იქით კი არა, მივესალმებოდი აქეთ",- ამბობს რომან კაკულია. 

არჩევნების გადავადებაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ, თუ არჩევნების წინა პერიოდში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდება, მთავრობა საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, არჩევნები კი ჩატარდება "საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან არა უადრეს 45 და არა უგვიანეს 60 დღისა". მისივე თქმით, თუ ოქტომბერში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ნოემბრის დასაწყისში გაუქმდება, არჩევნების ჩატარების თარიღი, "წესით, უწევს დეკემბრის ბოლოს".

კობახიძის აზრს იზიარებს ქართული ოცნების კიდევ ერთი წევრი, გიორგი კახიანი და ამბობს, რომ თუ კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მაშინ არჩევნების ჩატარების თარიღი გადავადდება. სოფო კილაძე კი მიიჩნევს, რომ ქართულ ოცნებას ისეთი მაღალი რეიტინგი აქვს, რომ არჩევნების ოქტომბერში გამართვის არ ეშინია.

 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ 2020 წლის საპარალამენტო არჩევნების გადავადებასთან დაკავშირებით ქართული ოცნების საუბრები პოლიტიკური სპეკულაციაა. ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ამის ობიექტური საფუძველი არ არსებობს და აღნიშნავს, რომ, რა დროს და რა სისტემითაც არ უნდა გაიმართოს არჩევნები, ქართული ოცნება დამარცხდება. ამ აზრს ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძეც იზიარებს და ამბობს, რომ ქართული ოცნება არჩევნებში განწირულია.

კომენტარები