Coda წერილი

როგორ შევხვდებით ერთმანეთს პანდემიის შემდეგ - Coda წერილი

ავტორი სოფიკო ვასაძე

დღევანდელ ჩემს წერილში საფრანგეთის პრეზიდენტის ბრალდებებზე, ბრაზილიის პრეზიდენტის ახალ ამოჩემებულ მედიკამენტსა და მექსიკის ალტერნატიულ კლინიკებზე მოგიყვებით. 

და კიდევ იმაზე, თუ როგორ შეიცვლება ჩვენი ჩვევები პანდემიის შედეგ. 

მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რამდენიმე ვაქცინა სავალდებულო გახადა, ვაქცინის მოწინააღმდეგეები უფრო მეტად რადიკალურები გახდნენ. 

ახლა კი აფრიკის კონტინენტზეც გავრცელდა ეს ფრანგული რიტორიკა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპაში მოგზაურებს ვაქცინაციის გარეშე არ დაუშვებს. 

  • ფეისბუკში ათასობით ადამიანმა გამოაქვეყნა პოსტი ემანუელ მაკრონის ფოტოთი, რომელსაც გაყალბებული ციტატა ახლდა: “მოქალაქეებს იმ აფრიკული ქვეყნებიდან, რომლებიც უარს იტყვიან COVID-19-ის ევროპულ ვაქცინაზე, აღარ შეეძლებათ ევროპაში მოგზაურობა”. 
  • ზოგიერთ პოსტს ასევე დართული ჰქონდა ვიდეო ფრანგული ტელევიზია TV5Monde-დან, რომელშიც ჟურნალისტი აფრთხილებს მაყურებელს, რომ მაკრონის ციტირება ყალბია. თუმცა პოსტებში ვიდეო ისეა დამონტაჟებული, თითქოს ტელეწამყვანი უბრალოდ ხმამაღლა იმეორებს პრეზიდენტის სიტყვებს.
  • საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ევროკომისიამ დაადასტურეს, რომ ემანუელ მაკრონს მსგავსი არაფერი უთქვამს. 

ბრაზილიის პრეზიდენტი რომ ქლოროქინზეა შეყვარებული, ამას პრანდემიის დაწყების დღიდან გიყვებით. ახლა ჟაირ ბოლსონარუს ახალი ფავორიტი მედიკამენტი აქვს: პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატი ივერმექტინი.

“ვფიქრობ, უკეთესი ეფექტი აქვს, ვიდრე ქლოროქინს, რადგან ის კლავს ყველანაირ ჭიას”. – თქვა პრეზიდენტმა გასულ კვირას მედიკამენტზე და ამასთანავე, მისი სახელიც არასწორად წარმოთქვა.

ივერმექტინის ეფექტურობა ვირუსთან მიმართებით დადასტურებული არაა და არც საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებში შედის, მაგრამ როგორც ჟურნალი Piauí წერს, ქვეყნის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში ექიმებმა კორონავირუსიანი პაციენტების ივერმექტინით მკურნალობა დაიწყეს.

ბოლო თვეებში ბრაზილიაში ივერმექტინის წარმოება და მოხმარებაც მკვეთრად გაიზარდა. 


ფართო სურათი: 

პოლიტიკოსები მთელ მსოფლიოში, ინდოეთიდან ამერიკამდე, ამ ხნის განმავლობაში ხშირად ყალბ ან შეუმოწმებელ სამედიცინო პრეპარატებს უწევენ პოპულარიზაციას. 

მიზეზი მარტივია: ცუდი მეცნიერება შეიძლება, იყოს კარგი პოლიტიკა. 

Piauí-ს სტატიაში აღწერილია ბრაზილიის ჩრდილოეთით მდებარე ერთი პატარა ქალაქის ჯანდაცვის კომისრის ამბავი, რომელიც სწორედ ივერმექტინს უნიშნავდა ყველა კორონავირუსიანს. 

მან იმდენად დიდი ყურადღება მიიპყრო, რომ კომისარმა პოლიტიკური კარიერის გაკეთება გადაწყვიტა: “მე უფრო ხშირად ვჩანვარ მედიაში, ვიდრე ქალაქის მერი”. – თქვა მან, დატოვა სამსახური და ახლა მერის პოსტზე აპირებს კენჭისყრას. 

მექსიკაში ინფექციის მზარდი მაჩვენებლების მიუხედავად, საკარანტინო რეჟიმმა შემსუბუქება დაიწყო და ამასთანავე ქვეყანაში ალტერნატიული მედიცინის ცენტრებიც გამოჩნდა. ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატიც კი აღმოაჩინეს. 

ერთერთმა კლინიკამ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ხალხს ქალაქის გადატვირთული საავადმყოფოების ადგილობრივ ალტერნატივას სთავაზობს . 

მაცხოვრებლების უამრავი საჩივრის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ კლინიკა დახურა. კლინიკაში აღმოჩენილი ვითომცდა კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების რამდენიმე ქილა კი ჩამოართვა.

როგორ შევხვდებით ერთმანეთს პანდემიის შემდეგ? 

New York Times-ის ჟურნალისტები გაესაუბრნენ მეცნიერებს, სხეულის ენის ექსპერტებსა და ფსიქოლოგებს იმის გასარკვევად, თუ როგორ შეიცვლება ჩვენი ჩვევები და როგორ შევეხებით ერთმანეთს პანდემიის შემდეგ.

ინფექციური დაავადებების ამერიკელი ექსპერტი, ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ პანდემიასთან ერთად ჩვენ ხელის ჩამორთმევას შევწყვეტთ. 

მაიამის უნივერსიტეტის სენსორული კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, ტიფანი ველი გევუბნება: ”ვფიქრობ, რომ დიდი ხნით აღარ ჩავეხუტებით ერთმანეთს”. 

"ინფიცირების შიში უფრო ძლიერია, ვიდრე ხელის ჩამორთმევის სურვილი". – განმარტა პოლ ზაკმა, ქლერმონის უნივერსიტეტის ქცევითი ეკონომიკის მკვლევარმა. 
 
ზაკს მიაჩნია, რომ ჩვეულებრივი მისასალმებელი ჟესტების – ჩახუტების, კოცნისა და ხელის ჩამორთმევის ნაცვლად თანდათანობით თავის დახრით მისალმებას ვისწავლით. 
 
ბოლო 15 თვის განმავლობაში აეროპორტებში ჩატარებულმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ დროის უმეტეს ნაწილს ტელეფონში ვატარებთ და სხვა მგზავრებს არ ვესაუბრებით. 
 
"შეხების ნაკლებობის დასაკომპენსირებლად შესაძლოა, ემოციურად უფრო ღია გავხდეთ". – ამბობს სხეულის ენისა და ქცევის ექსპერტი პატი ვუდი: 

”ხელს ჩამორთმევა არის სამსაათიანი პირადი ურთიერთობის ეკვივალენტი. კომუნიკაციის იმავე დონის მისაღწევად, რასაც შეხების შედეგად ვგრძნობთ, ჩვენ დიდი დრო უნდა გავატაროთ პირისპირ”.

ბოლოსკენ, კიდევ ერთი ინფოდემია რუსეთიდან

“აქ შეგიძლიათ, თავი დაიცვათ კორონავირუსისგან”. – ნათქვამია გუგლის რუკის პინზე, რომელიც რუსეთის ქალაქ ბრატისკიზე მიუთითებს. 

ბრატისკი რუსეთში ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. Instagram-ის გვერდი, სადაც ქალაქის მაცხოვრებლები ერთმანეთს ციმბირის ამბებს უზიარებენ, ირწმუნება, რომ ბრატსკში ჰაერი იმდენად ტოქსიკურია, რომ ის კორონავირუსსაც კლავს. 

რა თქმა უნდა, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჰაერის დაბინძურება ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას. 

კომენტარები