გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთა

არჩილ თალაკვაძე: უნდა დადგინდეს, ვის ინტერესებში იყო გაბუნიას მკვლელობის ორგანიზება

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, ეხმაურება ინფორმაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მიერ ქართველი ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო შეკვეთის შესახებ. 

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პროფესიონალურად იმუშავა და მძიმე დანაშაული აღკვეთა, რომელიც, "სავარაუდოდ, ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების და მედიისა და ჟურნალისტის საქმიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული". 

თალაკვაძის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

"ჟურნალისტის მიმართ ნებისმიერი ძალადობრივი ანგარიშსწორება და თავდასხმის ორგანიზება ჩვენთვის მიუღებელია და ჩვენს ქვეყანაში არავის მივცემთ ამის უფლებას. სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების პატივისცემით, იცავს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებას. 

გამოძიება გრძელდება და აუცილებლად უნდა დადგინდეს, თუ კონკრეტულად ვის ინტერესებში იყო ამ დანაშაულის ორგანიზება და მისი შედეგები, რომელიც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რომ არ აღეკვეთა, მაღალი ალბათობით, გამოიწვევდა საქართველოსა და მისი ხელისუფლების საერთაშორისო დისკრედიტაციას". –ამბობს არჩილ თალაკვაძე. 

2019 წლის ივლისში მაშინდელი რუსთავი 2-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ საავტორო გადაცემის, "პოსტსკრიპტუმის" მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში დედა აგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს. 

მოგვიანებით ფაქტს თავად პუტინი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. კადიროვი დაიმუქრა და თქვა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს".

2020 წლის 15 ივნისს ტელეკომპანია ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე გაბუნიას მოკვლას გეგმავდა. 

იმავე დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამაც დაადასტურა და თქვა, რომ ამ კაცს გაბუნიას მკვლელობა რამზან კადიროვმა შეუკვეთა. 

საღამოს განცხადება გაავრცელა სუს-მაც. უწყებამ დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და შედეგად ბოკოვის ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვა-გამოყენების ფაქტი გამოავლინა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები