გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთა

უგულავა გაბუნიაზე: კატასტროფაა, როცა შეიძლება, ასეთი რამ შენს ქვეყანაში ხდებოდეს

რადიო თავისუფლება

ევროპული საქართველოს წევრი, გიგი უგულავა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მიერ ქართველი ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო შეკვეთას ეხმაურება. უგულავას თქმით "კატარსტროფაა, როცა ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურებისა თუ სხადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დავალებით, შეიძლება, ასეთი რამ შენს ქვეყანაში ხდებოდეს". 

"ახლა მთავარი პრობლემა არის ის, რომ თუ ჩვენ ჩვენი ხელისუფლებისა და მართლმსაჯულების ამ პრაქტიკას გავითვალისწინებთ და, მაგალითად, თუ ავიღებთ გივი თარგამაძის აფეთქების საქმეს, მკაფიოდ გამოჩნდა ერთი რამ – ეს ხელისუფლება, როდესაც საქმე პოლიტიკურ ოპონენტს ეხება, საქმეებს იძიებს, თითქოს ეს ეხება მეორეხარისხოვან მოქალაქეს. [...] ქართული ოცნების მომხრეებსა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში ეს "რა მოხდა გიორგი გაბუნია" ტონალობა უკვე იგრძნობა და ეს არის კატასტროფა". – ამბობს უგულავა. 

გიგი უგულავას თქმით, გამოძიების გარდა, საერთაშორისო პოლიტიკური ნაბიჯები და საქმეში ქვეყნის პარტნიორების ჩართვაა აუცილებელი. 

"ძალიან მკაფიო ნაბიჯებია საჭირო არა მარტო გამოძიების, არამედ პოლიტიკური მიმართულებით, რომ ხელისუფლებამ ჩვენი ლეგიტიმური ეჭვი გაფანტოს. საქართველოში მეორეხარისხოვანი მოქალაქეები არ იქნებიან და ყველა ეს მოქალაქე სახელმწიფოსგან უნდა იყოს დაცული ერთნაირად და საიმედოდ. გამოძიების გარდა, აუცილებელია საერთაშორისო პოლიტიკური ნაბიჯები – მათ შორის, ჩვენი პარტნიორების ჩართვა, იმისათვის, რომ სურათი უფრო ფართო, ნათელი იყოს". – ამბობს ის.

უგულავას სიტყვებით, ის ფაქტი, რომ რუსეთის მოქალაქე, რომელსაც გაბუნიას მკვლელობა ჰქონდა შეკვეთილი, საქართველოში იყო შემოსული და ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობდა, "განგაშს ამეტებს." 

"ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა ჯგუფები რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ ამგვარი საქმიანობით არიან დაკავებული. ჩვენ ასევე ვხედავთ ბატონი კადიროვის პირდაპირ მუქარას. ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ ეს არ არის ვიწრო კონტექსტის თემა – მას აქვს ფართო კონტექსტი". – ამბობს უგულავა.  

2019 წლის ივლისში მაშინდელი რუსთავი 2-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ საავტორო გადაცემა "პოსტსკრიპტუმის" მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში დედა აგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს. 

მოგვიანებით ფაქტს თავად პუტინი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. კადიროვი დაიმუქრა და თქვა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს".

2020 წლის 15 ივნისს ტელეკომპანია ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე გაბუნიას მოკვლას გეგმავდა. 

იმავე დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამაც დაადასტურა და თქვა, რომ ამ კაცს გაბუნიას მკვლელობა რამზან კადიროვმა შეუკვეთა. 

საღამოს განცხადება გაავრცელა სუს-მაც. უწყებამ დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და შედეგად ბოკოვის ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვა-გამოყენების ფაქტი გამოავლინა. 

კომენტარები