კორონავირუსი საქართველოში

NCDC: საქართველოში კორონავირუსით სამედიცინო სფეროს 119 წარმომადგენელი დაინფიცირდა

GETTY IMAGES

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ჯამში, სამედიცინო სფეროს 119 წარმომადგენელი დაინფიცირდა. NCDC-ს მიერ გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, ეს მონაცემი ქვეყანაში აღრიცხულ რაოდენობათა 14.4%-ია. 

NCDC-ს ინფორმაციით, 119 ინფიცირებულიდან 100 სამედიცინო პერსონალია, 1 შემთხვევა კლასიფიცირდა, როგორც საზოგადოებაში შეძენილი COVID-19, დანარჩენი 18 კი, ტექნიკური პერსონალია. 

დაინფიცირებული 119 მედიკოსიდან 58 ექთანია, 31 ექიმი, 10 უმცროსი სამედიცინო პერსონალი, 1 კი ექიმი-ეპიდემიოლოგი. 

საქართველოში კორონავირუსით სამედიცინო სფეროს 1 წარმომადგენელი - 70 წლის ექთანი ქალი გარდაიცვალა, NCDC-ს ინფორმაციით, ის ქვემო ქართლიდან იყო. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთაგან ინფიცირებულთა 84% –ქალია. ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 41 წელია, ყველაზე ახალგაზრდა ინფიცირებული 19 წლისაა, ყველაზე ასაკოვანი კი - 72-ის. მათივე ცნობით, უმეტესად დაავადდა კოვიდ-კლინიკების სამედიცინო პერსონალი. 

დოკუმენტში ასევე წერია, რომ ე.წ. საბურთალოს კლასტერში, 27 ადამიანის ინფიცირების პირველწყარო მედიკოსი იყო.  

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 879 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 724 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 141 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები