კორონავირუსი საქართველოში

ბექაია: 3 ახალი პაციენტიდან 2 აზერბაიჯანის მოქალაქეა, ერთი კი საქართველოსი

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას, თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალი პაციენტიდან, ორი აზერბაიჯანის მოქალაქეა, ერთი კი საქართველოს. 

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქე 20 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, ბებიისგან დაინფიცირდა. აზერბაიჯანის მოქალაქეები კი სატრანზიტო ავტოსაგზაო საშუალებით მოძრაობდნენ. მისივე თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 

"საზღვარზე დაფიქსირდა მათთან სწრაფი ტესტით დადებითი პასუხი, რის შემდეგაც გადმოიყვანეს ჩვენს კლინიკაში და უკვე ჩვენთან PCR კვლევით დადასტურდა ორივე შემთხვევაში კოვიდი.

ერთი არის 20 წლის მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე, რომელთანაც ასევე დადასტურდა კოვიდი, პაციენტია გადაყვანილია მცხეთის სამედიცინო ცენტრში და იქ გააგრძელებს მკურნალობას. ყველანი არიან საშუალო სიმძიმის. აზერბაიჯანის მოქალაქეებზე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ისინი ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში შედიან, მათი სამუშაოდან გამომდინარე". – ამბობს ბექაია. 

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ტაბულას ამის შესახებ ინფორმაცია კლინიკაში დაუდასტურეს.  

დღეს, 16 ივნისს, ქვეყანაში COVID-19-ისგან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულთა შესახებ მონაცემები ჯერჯერობით stopcov.ge-ზე არ განახლებულა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 879 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 724 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 141 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები