UNDP-ის კვლევა

ძალადობა, ქალის კარიერა, ბავშვზე ზრუნვა - რა წერია UNDP-ის კვლევის ანგარიშში

time

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ორგანიზაციამ წარმოადგინა კვლევის ანგარიში :"კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება".

მასში ქალთა მიმართ ძალადობაზე, გენდერულ როლებზე, ქალის როლზე, კარიერასა და ბავშვის აღზრდაზე არის საუბარი.

კვლევის ფარგლებში 2408 რესპონდენტი 2019 წელს გამოიკითხა. კვლევისთვის ინსტრუმენტად შეირჩა საერთაშორისო კვლევა "კაცები და გენდერული თანასწორობის" (IMAGES) კითხვარი, რომელიც, თვისობრივი კვლევის დასკვნების საფუძველზე, კონტექსტუალურად იყო ადაპტირებული.

ანგარიშში ვკითხულობთ:

გაიზარდა მგრძნობელობა გენდერული უთანასწორობის მიმართ.

UNDP აცხადებს, რომ ქალების 63% და კაცების 54% მიიჩნევს, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობა ჯერ მიღწეული არ არის. 2014 წელს ამ აზრს ქალების ნახევარიც არ ეთანხმებოდა.

გამოკითხულთა 86% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ "როცა ქალები იღებენ უფლებებს, მათ კაცებს ართმევენ".

ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში

გამოკითხულთა 60% მიიჩნევს, რომ ქალების პოლიტიკაში ჩართულობა ქვეყანას სიკეთეს მოუტანს. მათგან 72% – ქალია.

ქალები თავიანთ ოჯახურ ვალდებულებებს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის ძირითად შემაფერხებელ ფაქტორად ასახელებენ.

„ქალები, რომლებიც ერთდროულად ბევრი რამის კეთებას ახერხებენ, ძლიერი პიროვნებები არიან: მათ ჰყავთ ოჯახები, ზრუნავენ შვილებზე და სამუშაოზე, მაგრამ ასეთი ცოტაა. ასეთი ქალები ყოველთვის ლიდერები არიან, მაგრამ ყველას არ შეუძლია თავის გამოჩენა, ამიტომ არიან ასე ცოტა“ (ქალების ფოკუსჯგუფი, ზუგდიდი).

სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის დონეები, ზოგადად, დაბალია, მაგრამ უფრო დაბალია ქალებში, ვიდრე კაცებში. საქართველოს სამი მოქალაქიდან ორი აცხადებს, რომ სამშვიდობო დემონსტრაციას, ან მიტინგს დასწრებია.

ქალები და კარიერა

რესპონდენტების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქალებს კაცების თანასწორად შესწევთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უნარი, თუმცა, ასე ქალი უფრო მეტი ფიქრობს, ვიდრე კაცი. კითხვაზე, ვინ უკეთესი პოლიტიკური ლიდერია – ­ კაცი თუ ქალი, რესპონდენტების 55 პროცენტმა თქვა, რომ მათ თანაბარი შესაძლებლობები აქვთ. ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება 2013 წლის შემდეგ, რადგან მაშინ მხოლოდ 33 პროცენტს მიაჩნდა, რომ კაცებსა და ქალებს, როგორც ბიზნესლიდერებს, თანაბარი შესაძლებლობები აქვთ. თუმცა, პრეზიდენტობის კანდიდატის წარმოდგენაზე პასუხების მსგავსად, 2019 წელს რესპონდენტების 39 პროცენტმა განაცხადა, რომ კაცი უკეთეს ბიზნესლიდერად მიაჩნდა.

გამოკითხულთა შორის 42 პროცენტი კაცი იყო, ხოლო 37 პროცენტი ­– ქალი. ასევე, ქალების 76 და კაცების 59 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქალი კაცივით კვალიფიციურია და რომ ერთი და იმავე სამუშაოს შესრულება თანაბრად შეუძლიათ. კაცების დაახლოებით 40 პროცენტი არ ეთანხმება ამ დებულებას. თანასწორობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მიუხედავად, კვლავ რჩება განსხვავებული დამოკიდებულება ქალისა და კაცის თანასწორი შესაძლებლობების მიმღებლობის კუთხით, გარკვეული სამუშაოების შესრულებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის თვალსაზრისით.

გამოკითხულთა 39% ფიქრობს, რომ კაცები უკეთესი ბიზნესლიდერები არიან, ვიდრე ქალები

რესპონდენტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დასაქმებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობები ქალებსა და კაცებს თანაბრად ეხება, თუმცა, მიიჩნევა, რომ ქალებს მეტი წინააღმდეგობა ხვდებათ კარიერული წინსვლის გზაზე.

ქალების 85% და კაცების 58% ფიქრობს, რომ კარიერაში ქალებს უფრო მეტი დაბრკოლების გადალახვა უწევთ, ვიდრე კაცებს.

ზოგადად, ქალ და კაც ხელმძღვანელებს ერთნაირად აღიქვამენ, მაგრამ, დაახლოებით ყოველი მეოთხე კაცი ამბობს, რომ ქალ ხელმძღვანელთან თავს არაკომფორტულად გრძნობს.

დასაქმებული ქალის როლის მიმართ დამოკიდებულება თაობებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება. ახალგაზრდა ქალების უმეტესობა არ იზიარებს აზრს, რომ ქალის ძირითადი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა და არა – პროფესიულ განვითარებაზე.

განათლება

წყვილების უმრავლესობა განათლების თანაბარი დონის შესახებ საუბრობს, თუმცა ყოველი მეხუთე ქალი ამბობს, რომ პარტნიორზე უკეთესი განათლება აქვს.

სამჯერ მეტ შემთხვევაში კაცი წყვილის ერთადერთი მარჩენალია.

ოჯახი

ყოველდღიური ხარჯისა და დიდი ინვესტიციების შესახებ გადაწყვეტილების განხილვაში პარტნიორები თანაბრად მონაწილეობენ. ახლა უფრო მეტი წყვილი ამბობს, რომ საოჯახო ხარჯზე გადაწყვეტილებას ერთობლივად იღებს, ვიდრე ექვსი წლის წინ. ირკვევა, რომ სადაც პარტნიორები თანაბრად არ მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, იქ გავლენას ტრადიციული გენდერული როლები ახდენს.

კაცების უმრავლესობა და ქალების მნიშვნელოვანი წილი კვლავაც მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის, ქალების მეგობრებთან დაკავშირებითაც, კაცებს მეტი ძალაუფლება უნდა ჰქონდეთ. 2013 წელთან შედარებით, ახლა გაცილებით ნაკლები ქალი მიიჩნევს, რომ ოჯახში საბოლოო გადაწყვეტილებას კაცი უნდა იღებდეს.

აუნაზღაურებელი შრომის განაწილება

საოჯახო საქმეებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები გენდერული ნიშნით საკმაოდ მკაცრად არის სეგრეგირებული, რაც გულისხმობს, რომ, მაგალითად, დალაგება და საჭმლის მომზადება თითქმის მთლიანად ქალის მოვალეობაა.

ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობა, ძირითადად, ქალს ეკისრება. სამიდან ორი ქალი ამბობს, რომ ჩვეულებრივ, ან ყოველთვის, თავად ზრუნავს ბავშვზე.

ოჯახში არსებული ვალდებულებები უფრო მეტად მოქმედებს ქალების სამუშაოზე, ვიდრე კაცებისაზე. კაცებისა და ქალების უმრავლესობა ამბობს, რომ კმაყოფილია ვალდებულებების არსებული განაწილებით.

კაცებზე მეტი ქალი არ ეთანხმება აზრს, რომ კაცი სახლის საქმეებში უნდა ჩაერთოს. კითხვას, ქალები და მამაკაცები თანაბრად უნდა იყვნენ თუ არა საოჯახო საქმეში ჩართული, უარყოფითად უპასუხა ქალების 21-მა და კაცების 14 პროცენტმა. შედეგებით გამოვლინდა, რომ სახლი კვლავ ქალის პასუხისმგებლობის სფეროდ აღიქმება და, შესაძლოა, ქალებს აქ მეტი გავლენისა და კონტროლის შენარჩუნება ამიტომაც ურჩევნიათ.

2013 წლიდან კაცებისა და ქალების პროცენტული რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ბავშვის მოვლა მხოლოდ ქალის პასუხისმგებლობაა, მნიშვნელოვნად შემცირდა – ­81 პროცენტიდან 69 პროცენტამდე კაცებისა და – 76 პროცენტიდან 54 პროცენტამდე, ქალების შემთხვევაში.

ძალადობა

ქალების 5%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც განუცდია სექსუალური ძალადობა ინტიმური პარტნიორის მხრიდან.

შემთხვევების 5%-ის შემთხვევაში, პარტნიორის მხრიდან ინტიმური ძალადობის ინცინდენტს ბავშვიც შესწრებია. წყაროების თანახმად, ძალადობა ხშირად თაობებზე გადადის. კაცები, რომლებიც ბავშვობაში პარტნიორებს შორის ძალადობის მოწმენი ხდებიან, ზრდასრულ ასაკში ხშირად თავიანთი პარტნიორების მიმართაც იმავეს სჩადიან, ხოლო ქალები ძალადობის მსხვერპლი ხდებიან.

სექსუალური ჯანმრთელობა და რეპროდუქცია

ადრინდელთან შედარებით, შვილის დაბადებას მეტი მამა ესწრება. გამოკითხვაში მონაწილე სამი რესპონდენტიდან ორი მამა იყო, თითოეულს, საშუალოდ, ორი შვილი ჰყავდა. გაირკვა, რომ შვილის დაბადებას მამების მხოლოდ 7% დაესწრო და 2013 წლიდან, ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გვაქვს. მაშინდელი მონაცემებით, შვილის გაჩენას კაცების მხოლოდ 4.5% ესწრებოდა. ხუთიდან მხოლოდ ერთმა მამამ აიღო შვებულება, ან დასვენების დღე სამსახურში, რათა უმცროსი შვილის დაბადებას დასწრებოდა.

დედების 48% აცხადებს, რომ მშობიარობაზე დასწრება კაცებისთვის სავსებით მისაღები უნდა იყოს. ამ აზრს მამების 45% დაეთანხმა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 10 გამოკითხულიდან ოთხზე მეტი დედა და მამა აცხადებს, რომ მამების მშობიარობაზე დასწრება, ჩვეულებრივ, მისაღები არ არის.

მამების მხოლოდ ნახევარი ახლდა პარტნიორს კონსულტაციაზე. ყოველი ორი მამიდან ერთი ახლდა მომავალი შვილის დედას ექიმთან რამდენიმე ვიზიტზე. მათგან ნახევარი პარტნიორს მოსაცდელ ოთახში ელოდებოდა, ხოლო მეოთხედმა კლინიკის შესასვლელთან დატოვა. ოთხი მამიდან ერთმა განაცხადა, რომ ექიმს თავადაც შეხვდა. ირკვევა, რომ მომავალი მამები საკუთარ როლს წინასამშობიარო პროცესში მინიმალურად ან საერთოდ ვერ ხედავენ და მხოლოდ პარტნიორის კლინიკაში მიყვანით შემოიფარგლებიან.

ბავშვის აღზრდა

ბავშვებზე ყოველდღიური ზრუნვა, მეტწილად, მხოლოდ დედების ძირითად მოვალეობად რჩება. ბავშვების მოვლასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა აქტივობას დედები ასრულებენ. მაგალითად, ოთხი დედიდან სამი ამბობს, რომ, როგორც წესი, ბავშვებს საფენებსა და ტანსაცმელს თავად უცვლიან, ხოლო ოთხი მამიდან სამი პარტნიორის ნათქვამს ადასტურებს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საქმიანობაში მამები ნაკლებად ერთვებიან დედებთან შედარებით, გარკვეული აქტივობები მაინც თანაბრად აქვთ განაწილებული. მაგალითად, ბავშვის ექიმთან წაყვანა, მასთან თამაში, საუბარი მის პირად პრობლემებზე, სკოლაში ტარება.

დედებთან შედარებით, მამები უფრო მიიჩნევენ, რომ ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობები ოჯახში თანაბრად აქვთ განაწილებული. მაგალითად, ყოველი მეორე მამა ამბობს, რომ ბავშვები სკოლიდან ორივეს თანაბარი სიხშირით გამოჰყავს, რასაც ათიდან მხოლოდ ოთხი დედა ადასტურებს. ასეთი განსხვავებები ბავშვზე ზრუნვის სხვა აქტივობებთან დაკავშირებითაც ვლინდება. მაგალითად, როგორიცაა ბავშვის ექიმთან წაყვანა, ან ბავშვთან პირად საკითხებზე საუბარი.

დედები და მამები აცხადებენ, რომ ბავშვის მიმართ სასჯელის გარკვეულ მკაცრ ფორმებს იყენებენ. დაახლოებით, სამიდან ორი დედა და მამა აცხადებს, რომ ხანდახან საყვედურისა და სიტყვიერად დასჯის ფორმასაც მიმართავენ. დედები მამებზე ხშირად სჯიან ბავშვებს ფიზიკურად (დედების 39%, მამების 24%). მშობლების მიერ ბავშვების ფიზიკური დასჯის მაჩვენებელი, ზოგადად, დაბალია, თუმცა ჩანს, რომ, ამ მხრივ, დედების რაოდენობა ორჯერ აღემატება მამებისას. ­ ბავშვს ფიზიკურად სჯის დედების 15% და მამების 6%. შესაძლოა, ბავშვების მკაცრად დამსჯელი დედების რაოდენობა მამების რაოდენობას იმიტომაც აღემატება, რომ ისინი ბავშვებთან გაცილებით მეტ დროს ატარებენ, რაც დედებსა და მამებს შორის ბავშვზე ზრუნვის განაწილების შესახებ ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდანაც ჩანს.

მამების დაახლოებით 20-40% აცხადებს, რომ არასოდეს გაუკეთებია ბავშვზე ზრუნვასთან დაკავშირებული ერთი ან ერთზე მეტი საქმე. მამების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ არასოდეს გამოუცვლიათ ბავშვისთვის საფენები და თითქმის იგივე რაოდენობა აცხადებს, რომ არასოდეს დაუბანიათ ბავშვი. ყოველი მეოთხე მამა ამბობს, რომ არასოდეს დახმარებია შვილებს საშინაო დავალების შესრულებაში და ყოველი მეხუთე მამა აცხადებს, რომ არასოდეს უსაუბრია ბავშვებთან მათ პირად პრობლემებზე.

კომენტარები