გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთა

რას ამბობდნენ ქართული ოცნების მაღალჩინოსნები გაბუნიას მიერ პუტინის გინებაზე

ელენე მესხია
0 კომენტარი

ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, თბილისში 12 ივნისს სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული ეთნიკურად ენგუში რუსეთის მოქალაქე ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შეკვეთით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მოკვლას გეგმავდა.

გვარამია, ისევე, როგორც თავად გაბუნია, მკვლელობის შეკვეთას 2019 წლის ივლისში რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გასულ გადაცემას უკავშირებს, სადაც გაბუნიამ კერძო არხზე თავისი საავტორო გადაცემის მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტს დედა აგინა.

გინებას ვლადიმირ პუტინთან ერთად რამზან კადიროვიც გამოეხმაურა და გაბუნიას "ურჩია", კარგად დამალულიყო.

2019 წლის ივლისში გაჟღერებულ გაბუნიას მონოლოგს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები იმავე ღამეს გამოეხმაურნენ და ჟურნალისტის საქციელი დაგმეს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საერთაშორისო საზოგადოებასა და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწოდა, სათანადო შეფასება მიეცათ "ტელეკომპანიისა და კონკრეტულად ამ ჟურნალისტის საქციელისთვის".

"მკაცრად ვგმობთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხრიდან გამოყენებულ გამონათქვამებს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან და წარმოადგენს სუფთა წყლის პროვოკაციას, რომელიც მიმართულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისაკენ". – წერდა საგარეო საქმეთა მინისტრი.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ მოწოდებას არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ გამოეხმაურა, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იდენტური განცხადება გაავრცელა და საერთაშორისო საზოგადოებას ჟურნალისტის მონოლოგის დაგმობა მოსთხოვა. 

"პროფილური საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური საზოგადოებისგან ადეკვატურ რეაქციას ველოდებით". – წერდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

თბილისის მერი, კახა კალაძე კი ამბობდა, რომ გაბუნიას მიერ პუტინის გინებას, მკაცრი რეაგირების გარეშე არ დატოვებდნენ. 

"ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია "პატრიოტიზმით" შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ. ამას მარტივი სახელი ქვია – საკუთარი ქვეყნის მტრობა.​​​ ერთხელ უკვე ვნახეთ იგივე პოლიტიკური ძალის მიერ ასეთი მტრობით უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანილი ქვეყანა. მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ!" – დაწერა კალაძემ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

საქართველოს პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე გაბუნიას მიერ ვლადიმირ პუტინისათვის რუსულად გინებას იმავე ღამეს Facebook-ზე გამოეხმაურნენ

"ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან". – დაწერა მამუკა ბახტაძემ Facebook-ზე.

ფოტო: facebook.com

"ქვეყნის დაშლა ორ ბანაკად, გარე დაპირისპირების წაქეზება და რეგიონში დაძაბულობის გაღვივება ჩვენი მხრიდან დაუშვებელია! ეს ან ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე? ყოველშემთხვევაში ეს არის ქმედება ქვეყნის წინააღმდეგ! საქართველოსთვის რაც უკადრებელია, ის იკადრა. სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება ამას ჰქვია"! – ვკითხულობთ პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

"რაც დღეს რუსთავი 2-ის ეთერში მოვისმინეთ, არის პირდაპირი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. კითხვები აღარ არსებობს, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს". – დაწერა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ კი მომხდარზე ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ "ეს არის მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ომის ნაწილი, რომლის საინფორმაციო ფრონტი მათ მიერვე მიტაცებული ტელევიზია რუსთავი 2-ზე გადის და სრულად ჯდება ზიზღის, სიცრუისა და ძალადობის პარტიული მანქანის სარედაქციო პოლიტიკაში".

ქართული ოცნების დეპუტატი ნუკრი ქანთარია კი მოითხოვდა, რომ გიორგი გაბუნიას და მთლიანად, ტელეკომპანია რუსთავი2-ს პასუხი ეგო "ქვეყნის მშვიდობისთვის საფრთხის შექმნისთვის". 

"ის, რაც რუსთავი 2-ის ეთერში ვიხილეთ, არის პროვოკაცია, შემაშფოთებელი გზავნილი და მანიაკალური წყურვილი ქვეყნის არევის, დესტაბილიზაციის. ეს არის ნიადაგის შექმნა ქვეყნის საწინააღმდეგო პროვოკაციული ქმედებებისთვის და უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენება". – ამბობდა ქანთარია.

ქართული ოცნების მაღალჩინოსნების კომენტარების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას პუტინის გინების დაგმობა მოუწონა.

"განცხადებაში აღნიშნულია, რომ 20 ივნისისგან განსხვავებით, საქართველოს ხელისუფლებამ არ დაიწყო „რადიკალური ძალების“ გამართლება და საკუთარ თავში იპოვა ძალა, რომ გაემიჯნოს პროვოკაციას და დაგმოს ეს ქმედება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დადებითად და სამართლიანად აფასებს "რუსთავი 2“-თან გამართულ აქციას". – წერდა სამინისტრო.

ეთერში გადაცემის გასვლის შემდეგ ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის შენობის წინ მოქალაქეებმა აქცია გამართეს. აქციაზე შეკრებილები გადაცემა პოსტსკრიპტუმის წამყვანის, გიორგი გაბუნიასაგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ.

მათი ნაწილი ითხოვდა, რომ გაბუნიას რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მსგავსად დაეტოვებინა ქვეყანა, ნაწილი კი მისი არხიდან გათავისუფლებას მოითხოვდა. 

რუსული მედია ტელეკომპანია რუსთავი 2-თან მიმდინარე აქციას აქტიურად აშუქებდა.

ოკუპანტი სახელმწიფოს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ის ფაქტი, რომ რუსთავი 2-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში ვლადიმირ პუტინის გინება რამდენიმე წუთში საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმინისტრმა, პარლამენტის მოქმედმა თუ ყოფილმა თავმჯდომარემ, დედაქალაქის მერმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმეს, არც ის, რომ პრორუსულმა დაჯგუფებამ არხის დახურვის მოთხოვნით რუსთავი 2-თან საპროტესტო აქცია მოაწყო. 

რუსული სახელისუფლებო მედია დიდი ენთუზიაზმით აქტიურად წერდა, რომ ქართველების ნაწილმა ჟურნალისტის მიერ პუტინის შეურაცხყოფა ტელეკომპანიასთან გააპროტესტა, ხოლო ხელისუფლებამ გიორგი გაბუნიას გინება მაშინვე დაგმო. 

ჟურნალისტის მიერ პუტინის გინებას, მალევე გამოეხმაურა თავად პუტინი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი. კადიროვი დაიმუქრა და თქვა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს".

რამზან კადიროვის მუქარას ქართული ოცნების არცერთი მაღალჩინოსანი არ გამოხმაურებია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები