აშშ

დონალდ ტრამპმა პოლიციის რეფორმის ბრძანებულებას ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპი
BBC

ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ რამდენიმედღიანი პროტესტის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, პოლიციის რეფორმაზე აღმასრულებელ ბრძანებულებას ხელი მოაწერა

ამ ბრძანებულებით პოლიციის გასაუმჯობესებლად და, მათ შორის, ოფიცრებისთვის, როლებიც ძალაუფლებას ბოროტად გამოიყენებენ, მონაცემთა ბაზა შეიქმნება და ამისთვის ფედერალური გრანტები გამოიყოფა.

ბრძანებულებით ასევე ოფიცრებთან ერთად სოციალური მუშაკების განლაგებას წაახალისებენ, რათა ისეთ არაძალადობრივ შემთხვევებს გაუმკლავდნენ, რაც, მაგალითად, ნარკომანიასთან დაკავშირებულ დანაშაულს მოიცავს.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ "მგუდავი ილეთი აიკრძალება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ოფიცრის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იქნება".

ზოგიერთ ქალაქში ისეთ რადიკალურ ცვლილებებს ითხოვდნენ, როგორიც მაგალითად, პოლიციის დაშლაა, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია ეწინააღმდეგება.

"ჩვენ საერთო ნიადაგი უნდა ვიპოვოთ... თუმცა, მე ძლიერ ვეწინააღმდეგები ჩვენი პოლიციის დეპარტამენტებისთვის დაფინანსების შეწყვეტის, მათი დაშლისა და დემონტაჟის რადიკალურ და სახიფათო მცდელობებს". – განაცხადა ტრამპმა. 

პრეზიდენტმა თქვა, რომ ამერიკელებს მამაცი პოლიციელების სჯერათ, რომლებიც მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ – "ამერიკელებს ასევე სჯერათ, რომ ჩვენ ანგარიშვალდებულება უნდა გავაუმჯობესოთ, გამჭვირვალობა გავზარდოთ და პოლიციის ტრენინგში, რეკრუტირებასა და საზოგადოებაში ჩართულობისთვის მეტი რესურსი ჩავდოთ".

შტატებში ჯორჯ ფლოიდის საქმესა და აქციებზე უფრო ვრცლად ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები