გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობა

საგარეო გაბუნიაზე: აუცილებელია დადგინდეს, ვის ინტერესებში შედიოდა ეს დანაშაული

საგარეო საქმეთა სამინისტრო

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოიჩინა უმაღლესი პროფესიონალიზმი". – ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას, რის მიხედვითაც, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შეკვეთით საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრეზიდენტის მსგავსად, რუსეთი ერთხელაც არ უხსენებია კომენტარში, რომელიც უწყებას მედიამ სთხოვა. მეტიც, ზალკალიანის უწყება წერს, რომ აუცილებელია დადგინდეს, ვის ინტერესებში შედიოდა ეს დანაშაული. 

"ჩვენთვის მიუღებელია ჩვენი მოქალაქის, ჟურნალისტის სიცოცოხლის ხელყოფის მცდელობა. სახელმწიფო იცავს თოთოეული მოქალაქის სიცოცხლის უფლებასა და კანონის უზენაესობას. ველოდებით გამოძიების შედეგებს. აუცილებელელია დადგინდეს, თუ ვის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული დანაშაული და ქვეყნის საერთაშორისო დისკრედიტაცია. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ქვეყანა, როგორც დემოკრატიული პრინციპების გარანტორი აუცილებლად უზრუნველყოფს ამას". – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში. 

2019 წლის ივლისში მაშინდელი რუსთავი 2-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ საავტორო გადაცემის, "პოსტსკრიპტუმის" მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში დედა აგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა, ისევე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, იმავე დღეს დაგმეს. 

მოგვიანებით ფაქტს თავად პუტინი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. კადიროვი დაიმუქრა და თქვა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს". 

2020 წლის 15 ივნისს ტელეკომპანია ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე გაბუნიას მოკვლას გეგმავდა. 

იმავე დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამაც დაადასტურა და თქვა, რომ ამ კაცს გაბუნიას მკვლელობა რამზან კადიროვმა შეუკვეთა. 

საღამოს განცხადება გაავრცელა სუს-მაც. უწყებამ დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და შედეგად ბოკოვის ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვა-გამოყენების ფაქტი გამოავლინა. 

2019 წლის 8 ივლისს გაბუნიას მიერ პუტინის გინების ფაქტს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით იმავე საღამოს გამოეხმაურა. განცხადებაში საგარეო უწყებამ "მკაცრად დაგმო" გაბუნიას მიერ გამოყენებული გამონათქვამები და დაწერა, რომ ამას არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან. 

"[გამონათქვამები] წარმოადგენს სუფთა წყლის პროვოკაციას, რომელიც მიმართულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისაკენ". – ეწერა განცხადებაში. 

საგარეო უწყებამ ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებასა და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, "სათანადო შეფასება" მიეცათ ტელეკომპანიისა და, კონკრეტულად, გაბუნიას საქციელისთვის. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ მოწოდებას არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ გამოეხმაურა, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა და საერთაშორისო საზოგადოებას ჟურნალისტის მონოლოგის დაგმობა მოსთხოვა. 

კომენტარები