კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 9 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყაროს მოძიება გრძელდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული COVID-19-ის 9 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია და მისი მოძიება გრძელდება.

ეზუგბაიას თქმით, 9 ახალი შემთხვევიდან – 2 ინფიცირებულთან კონტაქტია, 6 – საკარანტინო სივრციდანაა, მათგან 3 – სატვირთოს მძღოლია. ექიმის ინფორმაციით, ექვსივე შემთხვევა შემოტანილია. 

მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებული შვიდივე პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მათ კლინიკა უკვე დატოვეს.

"დღეს გვყავს 28 კოვიდადასტურებული პაციენტი და 2 ახალი შემთხვევა. ორივე არის შემოტანილი შემთხვევა – რუსეთიდან და სომხეთიდან". – ამბობს ეზუგბაია. 

მისივე თქმით, ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა – მას მძიმე პნევმონია აქვს.  

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 888 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 731 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 143 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები