გიორგი რურუა

"გაითვალისწინეთ რურუასთვის გირაოს შეფარდების საკითხი" - ევროპარლამენტარის წერილი შოთაძეს

fakty

ევროპარლამენტარმა ანდჟეი ჰალიცკიმ საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს გიორგი რურუას საქმეზე წერილი მისწერა.

ჰალიცკი 8 მარტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს და მიუთითებს, რომ საქართველოს პრაქტიკის თანახმად, მსგავს დანაშაულებში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად, უმეტესად, გირაო შეეფარდებათ, რურუას შემთხვევაში კი ასე არ მოხდა

ევროპარლამენტარი მთავარ პროკურორს მიმართავს, რურუასთვის აღკვეთის საპატიმრო ღონისძიების არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლა მოითხოვოს.

"როგორც საქართველოს ერთგული მეგობარი ევროპარლამენტში, მივესალმე საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც აშშ-ის, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და გერმანიის ელჩების შუამავლობით გაფორმდა. ევროკავშირი აცხადებდა, რომ "შეთანხმება იყო მნიშვნელოვანი და ცხადი სიგნალი ორივე პოლიტიკური მხარის ხელმძღვანელობისთვის და ასახავდა მათ სურვილს, შეემცირებინათ არაჯანსაღი პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში.

თუმცა, მე კვლავ შეშფოთებული ვარ, რადგან, მიუხედავად იმ ნაბიჯებისა, რომელიც შეთანხმების შესრულებისთვის გადაიდგა, გიორგი რურუა, რომელიც ამ შეთანხმების ნაწილი იყო, კვლავ დაპატიმრებულია, პარალელურად კი მიმდინარეობს მისი დისკრედიტაციის კამპანია ისეთ საქმეებზე, რომელიც მისთვის წარდგენილ ბრალს არ უკავშირდება და ეს კამპანია მთავრობისა და მმართველი გუნდის წევრებმა დაიწყეს.

როგორც გადამწყვეტი მომენტი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანისა და საარჩევნო სისტემის შეცვლისთვის, რაც ასევე არის 8 მარტის შეთანხმების საგანი, მე და საქართველოს სხვა მეგობრები ევროპარლამენტში იმედს გამოვთქვამთ, რომ მისი სრულად შესრულება გზას გაუხსნის პოლარიზაციის შემოტრიალებას და ქვეყანაში ცივილიზებული კამპანიის ჩატარებას.

მთავრობა აგრძელებს განცხადებების გაკეთებას, რომ ქვეყანაში არ არიან პოლიტიკური პატიმრები, ოპოზიცია კი საპირისპიროს აგრძელებს, თუმცა, ყველა თანხმდება, რომ დაძაბულობის შემცირება ქვეყნის ინტერესია. ზედმეტია შეხსენება, რომ გიორგი რურუას წინასწარ პატიმრობაში ყოფნა მთლიანად საქართველოს სასამართლოსა და პროკურატურის დისკრეციაა. თუმცა, მინდა, ყურადღება გავამახვილო იმაზეც, რომ ბევრმა დამკვირვებელმა შეშფოთება გამოთქვა, რომ ბატონი რურუას წინასწარ პატიმრობაში ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს პრაქტიკას, ისეთ დანაშაულებზე, რაზეც რურუას ედავებიან, ძირითად შემთხვევებში აღკვეთის ღონისძიებად გირაო დააწესოს.

პროკურატურამ გირაოს ნაცვლად პატიმრობა მოითხოვა, რადგან ხედავს მიმალვისა და მოწმეებზე ზეწოლის რისკებს.

როგორც ვიცი, პროკურატურამ მოწმეების გამოკითხვა, პრაქტიკულად, დაასრულა. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ, თქვენთვის კანონით მონიჭებული დისკრეციის ფარგლებში გაითვალისწინოთ რურუასთვის არასაპატიმრო ღონისძიების შეფარდების საკითხი. ეს უეჭველად შეიტანდა წვლილს 8 მარტის შეთანხმების შესრულების საქმეში და ხელს შეუწყობდა საქართველოს, ჩაეტარებინა ნაკლებად პოლარიზებული და ცივილიზებული საარჩევნო კამპანია". – წერს ჰალიცკი.

გიორგი რურუას გათავისუფლების შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე მისმა ადვოკატმა რამდენჯერმე დააყენა, თუმცა, მოსამართლემ ის არასდროს გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძება – პატიმრობა ძალაში დატოვა.

გიორგი რურუა, რომელიც მთავარი არხის წილს ფლობს, ამასთან, მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

მოგვიანებით მის საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან რურუამ სასამართლოს განჩინების მიხედვით, დნმ-ისა და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე უარი განაცხადა.

რურუა ბრალს არ აღიარებს.

მისი განთავისუფლება 8 მარტის საარჩევნო შეთანხმების ნაწილია გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებასთან ერთად, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. ოპოზიცია და საქართველოს დასავლელი პარტნიორები რურუას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და მის განთავისუფლებასაც ითხოვენ.

2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხელი მოწერა ხელშეკრულებას, რომელიც ორნაწილიანია და, ერთი მხრივ, პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებას, მეორე მხრივ კი – საარჩევნო სისტემის შეცვლასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას გულისხმობს.

ქართული ოცნება უარყოფს, რომ შეთანხმების ერთი ნაწილი პოლიტპატიმრებს ეხება, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ბოიკოტს გამოუცხადებს საკონსტიტუციო ცვლილების ნაწილს, პოლიტპატიმრების არგათავისუფლების შემთხვევაში.

დასავლელი პარტნიორების ზეწოლის, არაერთი კრიტიკული განცხადების და მოწოდების შემდეგ, 15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მათთვის ეს გადაწყვეტილება მიუღებელია და რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია, რაც მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა უარყო და განმარტა, რომ ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა.

კომენტარები