ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე

კანდელაკი მთავრობას: გადადგით ქმედითი ნაბიჯები ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიორგი კანდელაკი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში, რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენელმა მოკლა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თქვა, რომ პარტნიორებთან კოორდინირებულად მოქმედებს. საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს განცხადებები არ გაუკეთებიათ.

კანდელაკმა ხანგოშვილის საქმე გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის საქმეს დაუკავშირა.

"გერმანელმა სამართალდამცველებმა რუსეთის მოქალაქე დააკავეს, გერმანიის ხელისუფლებამ პირდაპირ დაადო ხელი ჩვენს ოკუპანტ სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციას და გერმანიის ტერიტორიიდან რუსი დიპლომატებიც კი იქნა გაძევებული.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე ისაუბრა თავად გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და გამაოგნებელია, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობიდან თითქმის ერთი წელი გავიდა და სახელმწიფოს არაფერი უთქვამს, არათუ რამე ფასი გადაუხდევინებია და ქმედითი დიპლომატიური ნაბიჯისთვის მიუმართავს, რომ რუსეთს რაღაც ფასი მაინც გადაეხადა საქართველოს მოქალაქის მკვლელობისთვის.

საქართველოს მოქალაქის ხელყოფის ირგვლივ სწორედ ასეთმა ქცევამ გაზარდა რისკები, რომ რუსეთის ფედერაცია ჩვენს ტერიტორიაზე ან ჩვენი მოქალაქეების მიმართ კიდევ უფრო თავზეხელაღებულად მოიქცეს.

იქიდან გამომდინარე, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა ახლაც აქტუალური და მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფოსთვის, ვიყენებ შესაძლებლობას და ევროპული საქართველოს სახელით კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოხადინოს რეაგირება და გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით". – თქვა კანდელაკმა.

2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრალური მეჩეთისკენ მიმავალი საქართველოს მოქალაქე, ყოფილი ჩეჩენი მებრძოლი და პანკისის მკვიდრი 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. მკვლელობისთვის დაპატიმრებულს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა. მალევე გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა რუსეთის სპესამსახურების მიერ იყო ორგანიზებული. ამ ვარაუდს ამყარებდა რამდენიმე გავლენიანი გამოცემის მიერ ჩატარებული არაერთი ჟურნალისტური გამოძიება.

ხანგოშვილის მკვლელობის საქმეს თავდაპირველად ბერლინის პროკურატურა იძიებდა, თუმცა, დეკემბერში საქმე გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ გადაიბარა. ასეთი რამ მხოლოდ მაშინ ხდება, როცა დანაშაულში სხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურები მონაწილეობენ.


ზელიმხან ხანგოშვილი 2001-2005 წლებში რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე და ერთ-ერთი საველე რაზმის მეთაური იყო.

2015 წლის 28 მაისს ზელიმხან ხანგოშვილზე თბილისის ცენტრში შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. მას მანქანაში 8 ტყვია ესროლეს. მაშინ ოჯახმა მომხდარში რუსულ სპეცსამსახურები დაადანაშაულა. ხანგოშვილის ოჯახმა საქართველო სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ დატოვა.

ზელიმხან ხანგოშვილის სახელი და გვარი ლაფანყურის საქმეში ფიგურირებს. როგორც ცნობილია, ის სპეცოპერაციის დროს მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.

რაც შეეხება ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას, 15 ივნისს ცნობილი გახდა, რომ 12 ივნისს სუს-ის მიერ ქავთარაძის ქუჩაძე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული კაცი, რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი საქართველოში გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა, მოგვიანებით მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დაადასტურა, რამდენიმე საათში კი განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა და მიუთითა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და შედეგად ბოკოვის ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვა-გამოყენების ფაქტი გამოავლინა.

2019 წლის ივლისში რუსთავი 2-ის მაშინდელმა წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ საავტორო გადაცემის, "პოსტსკრიპტუმის" მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში დედა აგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს. გაბუნია ასევე დაგმო პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

მოგვიანებით ფაქტს თავად პუტინი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. კადიროვი დაიმუქრა და თქვა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს".
 
კადიროვმა გაბუნიას მიმართ მუქარა 16 ივნისსაც გაიმეორა და თქვა, რომ "გიორგი გაბუნიას, როგორც აქამდე ვამბობდი, უჯობს, მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარზე. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი".
ყველა ამ გარემოების მიუხედავად, არც პრემიერმინისტრმა გახარიამ, არც საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, არც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, არც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გაბუნიას საქმის შეფასებისას რუსეთი არ ახსენეს და აქცენტი "საქმის ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოყენებაზე" გააკეთეს.

კომენტარები