გენდერული თანასწორობა

UNDP: 20%-ის აზრით მემკვიდრეობა მთლიანად ბიჭს უნდა დარჩეს, 15% ფიქრობს, რომ - უდიდესი ნაწილი

გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მესამე რესპონდენტი მიიჩნევს, რომ მშობლების ქონება (საცხოვრებელი) სრულად, ან მისი უდიდესი ნაწილი ვაჟს უნდა გადაეცეს.

რესპონდენტების 62% ფიქრობს, რომ მშობლების ქონება (საცხოვრებელი) თანაბრად უნდა განაწილდეს ვაჟებსა და ქალიშვილებს შორის, 20% ამბობს, რომ მემკვიდრეობა მთლიანად ვაჟს უნდა დარჩეს, ხოლო 15 %-ის აზრით, ბიჭმა მემკვიდრეობის უდიდესი ნაწილი უნდა მიიღოს.

UNDP Georgia-ს ანგარიშის მიხედვით, მემკვიდრეობის დიდი წილის ან სრულად მიღების უპირატესობა ბიჭ შვილებს თითქმის თანაბრად მიანიჭეს ქალებმა და კაცებმა –კაცების 38-მა და ქალების 34-მა პროცენტმა.

"ძვირფასი ნივთების, ფულის, ავტომანქანებისა და სხვა მოძრავი ქონებისა და ოჯახის ბიზნესის მემკვიდრეობით გადაცემასთან დაკავშირებით, რესპონდენტების 70-77 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს თანაბრად უნდა განაწილდეს ვაჟებსა და ქალიშვილებს შორის, ხოლო 16-28 პროცენტის აზრით, ქონება სრულად ან მისი დიდი ნაწილი ვაჟს უნდა გადაეცეს". – წერია ანგარიშში.

ცნობისთვის, 2013 წელს რესპონდენტების მხოლოდ 44% მიიჩნევდა, რომ მშობლების ქონება თანაბრად უნდა განაწილებულიყო, ხოლო 2019 წელს ეს მაჩვენებელი 62%-მდე გაიზარდა. 

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ორგანიზაციამ 16 ივნისს წარადგინა კვლევის ანგარიში: "კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება". მასში ქალთა მიმართ ძალადობაზე, გენდერულ როლებზე, ქალის როლზე, კარიერასა და ბავშვის აღზრდაზე არის საუბარი.

კვლევის ფარგლებში 2019 წელს გამოიკითხა 2408 რესპონდენტი. კვლევისთვის ინსტრუმენტად შეირჩა საერთაშორისო კვლევა "კაცები და გენდერული თანასწორობის" (IMAGES) კითხვარი, რომელიც, თვისობრივი კვლევის დასკვნების საფუძველზე კონტექსტუალურად იყო ადაპტირებული.

კვლევა გამოქვეყნდა შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის“ მხარდაჭერით. საველე სამუშაოები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა.

კომენტარები