გიორგი გაბუნიას საქმე

სუს-ი გაბუნიას საქმეზე: უპასუხისმგებლო განცხადებები კეთდება, აზიანებს გამოძიებას

0 კომენტარი

რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და ყველას მოუწოდებს, "თავი შეიკავონ სისხლის სამართლის საქმის გარემოებების საჯარო განხილვისაგან". უწყების შეფასებით, "რიგ შემთხვევებში კეთდება ისეთი სახის უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებიც არც ფაქტობრივ გარემოებებზეა დაფუძნებული და, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, აზიანებს გამოძიების ინტერესებს". სუს-ი აღნიშნავს, რომ გიორგი გაბუნიას დაკვეთით შესაძლო მკვლელობის მომზადების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები "პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში" ტარდება.

"15 ივნისს გავახმოვანეთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც, ჩვენი თვალთახედვით, მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო საზოგადოების სწორი ინფორმირებისთვის და არ დატოვებდა სივრცეს მანიპულირებისთვის.

ხსენებულ განცხადებაში ჩვენ ცალსახად მივუთითეთ, რომ საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება და ნებისმიერი სახის ინფორმაციის – ნამდვილის თუ ყალბის – გავრცელებამ, შესაძლოა, დააზიანოს მთავარი საჯარო ინტერესი – დადგინდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება, მხილებულ იქნას დანაშაულში ჩაბმული ყველა პირი და აღსრულდეს მათ მიმართ მართლმსაჯულება.

მიუხედავად ამისა, მასმედიის საშუალებებში თემის განხილვის დროს, რიგ შემთხვევებში კეთდება ისეთი სახის უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებიც არც ფაქტობრივ გარემოებებზეა დაფუძნებული და, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, აზიანებს გამოძიების ინტერესებს.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ურთულეს სისხლის სამართლის საქმეზე პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში ტარდება სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, იკრიბება და ფასდება მტკიცებულებები და სკურპულოზურ ანალიზზე დაყრდნობით იგეგმება ყოველი შემდგომი ნაბიჯი, რათა არც ერთი ვერსია და ფაქტობრივი გარემოება არ დარჩეს გამოძიების ჯეროვანი ყურადღების მიღმა.

ამ პროცესში ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალსაც შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რის გამოც კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ სისხლის სამართლის საქმის გარემოებების საჯარო განხილვისაგან, რათა ხელი არ შეეშალოს ინტენსიურად მიმდინარე საგამოძიებო პროცესს.

ამასთან, გვსურს ცალსახად აღვნიშნოთ, რომ გამოვთქვამთ მზადყოფნას, კანონით დადგენილი წესისა და პროცედურის დაცვით, ნებისმიერი პირისაგან მივიღოთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და მოვუწოდებთ საზოგადოებას, ითანამშრომლონ გამოძიებასთან". – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

2019 წლის ივლისში რუსთავი 2-ის მაშინდელმა წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ საავტორო გადაცემის, "პოსტსკრიპტუმის" მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში დედა აგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს. 

მოგვიანებით ფაქტს თავად პუტინი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. კადიროვი დაიმუქრა და თქვა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს". 

2020 წლის 15 ივნისს ტელეკომპანია ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე გაბუნიას მოკვლას გეგმავდა. 

იმავე დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამაც დაადასტურა და თქვა, რომ ამ კაცს გაბუნიას მკვლელობა რამზან კადიროვმა შეუკვეთა. 

საღამოს განცხადება გაავრცელა სუს-მაც. უწყებამ დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და შედეგად ბოკოვის ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვა-გამოყენების ფაქტი გამოავლინა. 

ამის შემდეგ, გიორგი გაბუნიას შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა კიდევ ერთი მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ქართველი ჟურნალისტი მუხლებზე უნდა დადგეს და პატიება ითხოვოს.

"ბატონებო, მერწმუნეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი ბრძანებით, ის მას შეასრულებს. ხოლო, თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ და, მითუმეტეს, უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყანა, ამის შესახებ ვერ გაიგებს". – წერს კადიროვი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები