ახლო აღმოსავლეთი

ე.წ. ცეზარის აქტი ამოქმედდა - აშშ-მა ბაშარ და ასმა ასადს პერსონალური სანქციები დაუწესა

0 კომენტარი

აშშ-მა სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადსა და მის ცოლს, ასმა ასადს პერსონალური სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ავრცელებს.

 

"ცეზარის აქტის ფარგლებში დღეს ჩვენ დავიწყეთ სანქციების თანმიმდევრული პოლიტიკა ასადის რეჟიმთან მიმართებაში. აქტი საშუალებას იძლევა დავუწესოთ მკაცრი ეკონომიკური სანქციები ასადის რეჟიმსა და მისი უცხოელ მოკავშირეებს, რათა პასუხი აგონ სირიელი ხალხის წინაშე ჩადენილი მოქმედებებზე". – წერია მაიკ პომპეოს განცხადებაში.

ამგვარად, ოფიციალურად ამოქმედდა "სირიის მოსახლეობის დაცვის აქტი", რომელიც ცეზარის აქტის სახელით არის ცნობილი. სახელწოდება სირიელ სამხედრო ფოტოგრაფს უკავშირდება, რომელსაც "ცეზარის" მეტსახელით იცნობდნენ. ფოტოგრაფმა გაავრცელა სირიის ციხეებში მიმდინარე არადამიანური მოპყრობისა და პატიმართა წამების კადრები .

ახალი სანქციები ჯამურად 39 ფიზიკურ და იურიდიულ პირს ეხება. მათ შორის არიან ბაშარ ასადის ოჯახის წევრები. სანქციები დაუწესდა ბაშარის უმცროს ძმას, მაჰერ ასადს, რომელიც მეოთხე სატანკო დივიზიის მეთაურია. სანქციები მაჰერ ასადის მმართველობის ქვეშ მყოფ დივიზიაზეც ვრცელდება. სანქციების ქვეშ მოყვა, ბაშარ ასადის და ბუშრა ასადი, რომელიც გავრცელებული ცნობების მიხედვით რამდენიმე წელია დუბაიში ცხოვრობს. 

მაიკ პომპეოს თქმით, სანქციების მიზანია უარი ათქმევინოს სირიის რეჟიმს კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტაზე. აშშ-ში იმედოვნებენ, რომ სანქციები ასადს აიძულებს კონფლიქტს პოლიტიკური გადაწყვეტილება მოუძებნოს. ამასთანვე, პომპეომ განაცხადა, რომ სანქციები არ გავრცელდება ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებაზე. 

სირიაში უკვე მეცხრე წელია, სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. 2011 წელს, არაბული გაზაფხულის მიჯნაზე, მასობრივი გამოსვლები დაიწყო სირიის რეჟიმის წინააღმდეგაც. ქვეყნის პრეზიდენტი ბაშარ ასადია, რომელიც თანამდებობაზე მამამისი, ჰაფეზ ასადის გარდაცვალების შემდეგ აირჩიეს. 

სამოქალაქო ომის პერიოდში სირიაში, სხვადასხვა მონაცემით, 500 ათასი ადამიანი მოკვდა, მილიონობით სირიელი კი დევნილი გახდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები