რუსეთი

ვეტერანები, რომლებიც აღლუმს პუტინთან ერთად დაესწრებიან, ორკვირიან იზოლაციაში მოაქციეს

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, რომლებიც გამარჯვების აღლუმს ვლადიმერ პუტინთან ერთად დაესწრებიან, ორკვირიან იზოლაციაში მოაქციეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლებაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს

გამოცემის ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომის 80 ვეტერანი ორკვირიანი იზოლაციის პერიოდს მოსკოვის რაიონის ერთ-ერთ სანატორიუმში გაივლის. რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მიღებული ამგვარი ზომები ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელობაზე მიუთითებს. 

პანდემიის დასაწყისიდანვე პუტინი ერთ-ერთ რეზიდენციაში პრაქტიკულად სრული იზოლაციის რეჟიმში იმყოფება. პანდემიის განმავლობაში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა პუტინის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს და ასევე, პრემიერმინისტრ მიხაილ მიშუსტინს. ამის შემდეგ პუტინთან შეხვედრის პირობები უფრო გამკაცრდა და მასთან შეხვედრის მსურველებს რამდენიმე მკაცრი შემოწმების გავლა უწევთ.

მანამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის სამომხმარებლო ზედამხედველობის უფროსმა, ანა პაპოვამ განაცხადა, რომ ვეტერანებს წითელ მოედანზე დეზინფიცირებული ტრანსპორტით მიიყვანენ და უსაფრთხოების ზომები მკაცრად იქნება დაცული. როგორც ცნობილია, ვლადიმერ პუტინი და ვეტერანები აღლუმს საერთო ტრიბუნიდან დააკვირდებიან, მათ შორის მანძილი ორი სავარძლის დაშორება იქნება. 

აღლუმის გამართვა წელსაც ტრადიციულად 9 მაისისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო თარიღი 24 ივნისს გაიდაიტანეს. 1945 წელს სწორედ 24 ივნისს ჩატარდა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი პირველი აღლუმი. 

რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსული ინფექციის 552 549 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 7 468 პაციენტი.

 

კომენტარები