გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობა

ლომჯარია: უნდა დაკმაყოფილდეს გაბუნიას ინტერესი, რა იცის სუს-მა, განეიტრალდა თუ არა საფრთხე

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მცდელობის საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაკმაყოფილდეს თავად გაბუნიას ლეგიტიმური ინტერესი. 

"რა იცის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მისი სავარაუდო ლიკვიდაციის დაგეგმვის თაობაზე, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, რამდენად განეიტრალდა ეს საფრთხეები ამ პიროვნების [ვასამბეკ ბოკოვი] დაკავებით, რა მტკიცებულებები ან ინფორმაცია ჰქონდათ და რამდენად მოიხსნა მისი სიცოცხლის ხელყოფის რისკები ამ სპეცოპერაციით", - ამბობს ომბუდმსმენი. 

რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 12 ივნისს სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი ყალბი დოკუმენტების შეძენა-შენახვა-გამოყენებაა.

15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია ფორმულამ, შემდეგ კი მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ეთნიკურად ინგუში რუსეთის მოქალაქე ბოკოვი საქართველოში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მოსაკლავად იყო ჩამოსული. მთავარი არხისვე ცნობით, მკვლელობა ბოკოვს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა შეუკვეთა. 

საღამოს განცხადება გაავრცელა სუს-მაც. უწყებამ დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

2019 წლის ივლისში გიორგი გაბუნიამ რუსთავი 2-ზე საავტორო გადაცემის მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დედა აგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს. თავად პუტინის გარდა, გაბუნიას მონოლოგს ჩეჩნეთის ლიდერიც გამოეხმაურა. კადიროვმა დაწერა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს". 

2020 წლის 17 ივნისს კადიროვი ქართული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და დაწერა, რომ, თუკი ვინმე მისი ბრძანების მიხედვით მოქმედებს, ის ამას შეასრულებს. 

"ბატონებო, მერწმუნეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი ბრძანებით, ის მას შეასრულებს. ხოლო, თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ და, მითუმეტეს, უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყანა, ამის შესახებ ვერ გაიგებს". – დაწერა კადიროვმა. 

ჩეჩნეთის ლიდერი კიდევ ერთხელ დაემუქრა გიორგი გაბუნიას და დაწერა, რომ ჩეჩნეთსა და რუსეთში ჯერ კიდევ ახსოვთ, როგორ შეურაცხყო გაბუნიამ მათი სახელმწიფო და რომ გაბუნიას "უჯობს, მუხლებზე დაიჩოქოს და პატიება ითხოვოს", წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კადიროვის მტრად დარჩება. 

გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოსაკითხად დაიბარეს, თუმცა ის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვას ითხოვს. 

კომენტარები