გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობა

სესიაშვილი: ჩვენი პასუხისმგებლობა გამოძიების დასრულებაა, არა [დანაშაულის] მტრისთვის მიწერა

0 კომენტარი
ირაკლი სესიაშვილი ფოტო: ირაკლი სესიაშვილი

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით ხელისუფლების პასუხისმგებლობა გამოძიების ბოლომდე მიყვანაა და არა დანაშაულის მტრისთვის "მიწერა". 

სესიაშვილის შეფასებით, ამ საქმზე "ნებისმიერი ემოციური განცხადება ემოციური რეაქციაა" და მთავარი აქ სახელმწიფოებრივი მოქმედებაა. 

"ჩვენ, ხელისუფლებას, გვაქვს პასუხისმგებლობა ამ გამოძიების ბოლომდე მიყვანაზე და არა ის, რომ მე რეალურად მტერს ვისაც ვხედავ, მას მივაწერო [დანაშაული], მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი და საფუძველი არსებობს", - თქვა სესიაშვილმა. 

ქართული ოცნების დეპუტატის თქმით, საგამოძიებო ორგანოების მიერ პასუხების შემდეგ ხელისუფლებას ექნება "კომენტარიც, რეაქციაც და მოქმედებაც". 

რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 12 ივნისს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დააკავა. მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი ყალბი დოკუმენტების შეძენა-შენახვა-გამოყენებაა.

15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია ფორმულამ, შემდეგ კი მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ეთნიკურად ინგუში რუსეთის მოქალაქე ბოკოვი საქართველოში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მოსაკლავად იყო ჩამოსული. მთავარი არხისვე ცნობით, მკვლელობა ბოკოვს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა შეუკვეთა.

საღამოს განცხადება გაავრცელა სუს-მაც. უწყებამ დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

2019 წლის ივლისში გიორგი გაბუნიამ რუსთავი 2-ზე საავტორო გადაცემის მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დედა შეაგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს. თავად პუტინის გარდა, გაბუნიას მონოლოგს ჩეჩნეთის ლიდერიც გამოეხმაურა. კადიროვმა დაწერა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს". 

2020 წლის 17 ივნისს კადიროვი ქართული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და დაწერა, რომ, თუკი ვინმე მისი ბრძანების მიხედვით მოქმედებს, ის ამას შეასრულებს. 

"ბატონებო, მერწმუნეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი ბრძანებით, ის მას შეასრულებს. ხოლო, თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ და, მითუმეტეს, უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყანა, ამის შესახებ ვერ გაიგებს". – დაწერა კადიროვმა. 

ჩეჩნეთის ლიდერი კიდევ ერთხელ დაემუქრა გიორგი გაბუნიას და დაწერა, რომ ჩეჩნეთსა და რუსეთში ჯერ კიდევ ახსოვთ, როგორ შეურაცხყო გაბუნიამ მათი სახელმწიფო და რომ გაბუნიას "უჯობს, მუხლებზე დაიჩოქოს და პატიება ითხოვოს", წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კადიროვის მტრად დარჩება. 

გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოსაკითხად დაიბარეს, თუმცა ის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვას ითხოვს.

ხელისუფლების არცერთი შტოს არცერთ წარმომადგენელს ამ დრომდე არ უხსენებია რუსეთი და მისგან მომავალი საფრთხე. ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ ელოდებიან გამოძიებას, რათა გაიგონ, ვის ინტერესებში შედიოდა გაბუნიას მკვლელობის მცდელობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები