პირადი ცხოვრება

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელიც გოგონას Fb-ზე აშანტაჟებდა და სექსუალური სახის ფოტოებს აგზავნინებდა

Reuters

სამართალდამცველებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედების ფაქტზე გორში ერთი პირი, 2001 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი, სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" დახმარებით, დაუკავშირდა 2010 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს, რომელსაც სექსუალური შინაარსის ფოტოებსა და შეტყობინებებს უგზავნიდა, რაზეც გოგონა პასუხობდა. მოგვიანებით, ბრალდებულმა მ.ბ. მათი მიმოწერის სოციალურ ქსელში გავრცელების მუქარით აიძულა, კვლავ გადაეღო სექსუალური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც დაზარალებულმა მას გაუგზავნა," - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139 -ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებასა და გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. 

დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები