აშშ

ამერიკის ხმის, რადიო თავისუფლების და აშშ-ს სხვა საგარეო მაუწყებლების უფროსები იცვლებიან

მაიკლ პეკი
CNBC

17 ივნისს ამერიკის ყველა სართაშორისო საზოგადოებრივი მაუწყებლის უფროსები გაათავისუფლეს.

თანამდებობიდან გადააყენეს რადიო თავისუფლების ხელმძღვანელი ჯეიმი ფლაი, რადიო თავისუფალი აზიის ხელმძღვანელი ბეი ფანგი, ახლო აღმოსავლეთის მაუწყებლობის ხელმძღვანელი ალბერტო ფერნანდესი, ლიბი ლიუ ღია ტექნოლოგიის ფონდიდან და კუბის სამაუწყებლო ოფისის ხელმძღვანელი ემილიო ვასკესი.

წყაროს ცნობით, ვასკესი, რომელიც ამჟამად გარდამავალი დირექტორის პოზიციაზეა, ჯერჯერობით შეინარჩუნებს თანამდებობას, მაგრამ მალე, ალბათ, მასაც საბოლოოდ გაათავისუფლებენ. ღია ტექნოლოგიის ფონდის ხელმძღვანელი ივლისის შუა რიცხვებიდან აპირებდა თანამდებობის დატოვებას, მაგრამ 17 ივნისს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს. აღსანიშნავია, რომ კუბის ოფისის მაუწყებლობის ლიდერად, სავარაუდოდ, ჯეფრი შაპიროს დანიშნავენ.

4 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკის ყველა საერთაშორისო საზოგადოებრივი მაუწყებლის (USAGM) უფროსად კინორეჟისორი და თეთრ სახლში ტრამპის ყოფილი მრჩევლის, სტივ ბენონის კოლეგა, მაიკლ პეკი დანიშნა. მედიების უფროსების გათავისუფლების გადაწყვეტილება მან მიიღო. მისი დანიშვნის შემდეგ 8 ივნისს მან USAGM-ის მრჩეველთა საბჭოს წევრებიც გაათავისუფლა.

ამას წინ უსწრებდა ის ამბავი, რომ ტრამპმა ამერიკის ხმა (USAGM-ს დაქვემდებარებული კიდევ ერთი მედია) არაერთხელ გააკრიტიკა. პრეზიდენტმა ამერიკის ხმას ჩინური პროპაგანდის გახმოვანებაში დასდო ბრალი.

აპრილში ამერიკის ხმა წერდა, რომ ჩინეთის მიერ ვუხანის ჩაკეტვა მსოფლიოს უნდა გადაეღო, როგორც წარმატებული "მოდელი". ამერიკის ხმა აშშ-ს კორონავირუსის სტატისტიკას კომუნისტური ჩინეთის გავრცელებულ ყალბ სტატისტიკასაც ადარებდა. მათ ჩინეთის პროპაგანდისტული ვიდეოც გააზიარეს, თუ როგორ აღნიშნავდა განათებული ვუხანი კარანტინის დასრულებას.

ასევე, გასულ წელს ამერიკის ხმის ჟურნალისტმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯავად ზარიფის სიტყვები, რითაც მინისტრი აშშ-ს ემუქრებოდა, უკონტექსტოდ გააზიარა. ამით მან ხელი შეუწყო ირანისა და რუსეთის პროპაგანდის გავრცელებას. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ანგარიშის გაზიარების შემდეგ მის Twitter-ზე შესული პირები პუტინის მედიის ანტიამერიკული პროპაგანდის ვიდეოებს აწყდებოდნენ.

"ეს არ არის ამერიკის ხმა. ამერიკის ხმის საპირისპიროა," - თქვა ტრამპმა მედიაზე.

15 ივნისს ამერიკის ხმის დირექტორმა, ამანდა ბენეტმა და მისმა მოადგილემ, სენდი შუგავარამ თანამდებობა დატოვეს. მათ თქვეს, რომ პეკს მათი შეცვლის უფლება აქვს. ამერიკის ხმის დირექტორის თანამდებობაზე ჯერჯერობით არავინ დაუნიშნავთ.

ბენეტი ამ თანამდებობაზე ობამას ადმინისტრაციის დროს დანიშნეს და მას მედიაში არაერთი სკანდალი უკავშირდება. მათ შორის, 2017 წელს ამერიკის ხმის გამარტივებული ჩინური გამოცემის უფროსი, საშა კონგი და რამდენიმე ჟურნალისტი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ჟურნალისტებმა პეკინის მთავრობის კრიტიკოს ჩინელ მილიარდერ კუო ვენკუისთან ინტერვიუ ჩაწერეს - ჟურნალისტებს სრული ინტერვიუს გამოქვეყნება სურდათ. ბენეტთან უთანხმოების შემდეგ USAGM-მა ისინი გაათავისუფლა.

ტრამპს პეკის დანიშვნა ჯერ კიდევ 2018 წლის ივნისში უნდოდა, მაგრამ სენატში ამ საკითხის განხილვა გაიწელა. გასული კვირების განმავლობაში კი რესპუბლიკელებზე ტრამპის ზეწოლის შემდეგ ეს ამბავი დაჩქარდა.

USAGM-ში უახლეს ცვლილებებზე შეშფოთება გამოთქვა დემოკრატმა სენატორმა ბობ მენანდესმა. მისი თქმით, სააგენტოს ქსელის ხელმძღვანელების დათხოვნა და პრეზიდენტი ტრამპის პოლიტიკური მოკავშირეების დასაყენებლად კორპორაციული ბორდების დაშლა ამ ორგანიზაციის ისტორიისა და მისიის შოკისმომგვრელი დარღვევაა, საიდანაც ის, შესაძლოა, ვეღარასდროს აღდგეს.

კომენტარები