ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა

კანდელაკი: გამაოგნებელია, რომ ხელისუფლებას დღემდე არაფერი უთქვამს ხანგოშვილის მკვლელობაზე

გიორგი კანდელაკი
ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი ეხმაურება გერმანიის ფედერალური პროკურატურის დასკვნას, რომელშიცც გასული წლის აგვისტოში ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთია დადანაშაულებული. 

კანდელაკის შეფასებით, აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ გააკეთა. 

"ევროპულმა საქართველომ აქამდეც არაერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ზელიმხან ხანგოშვილი იყო დამსახურებული ადამიანი საქართველოს სახელმწიფოს წინაშე, თანამშრომლობდა საქართველოს სახელმწიფოსთან, როგორც ისლამური ექსტრემიზმის, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სპეცსამსახურების წინააღმდეგ, ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არაფერი უთქვამს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე, არის გამაოგნებელი" - თქვა კანდელაკმა ბრიფინგზე. 

დეპუტატმა საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ, როდესაც მის მოქალაქეს ასე კლავენ, მოიქცეს ისე, როგორც "ნებისმიერი თავისი თავის პატივისმცემელი ქვეყნის მთავრობა მოიქცეოდა“. 

"მითუმეტეს, თუ ამ ადამიანს აქვს სერიოზული დამსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე", - ამბობს კანდელაკი. 

ზელიმხან ხანგოშვილი, რომელსაც გერმანიის პროკურატურა თორნიკე ქავთარაშვილად მოიხსენიებს, ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულს  რუსული პასპორტი აღმოაჩნდა. 

გერმანულმა მხარემ რუსეთს რამდენჯერმე მიმართა გამოძიებაში დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, 4 დეკემბერს, გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით იგივე ზომები მიიღო მოსკოვმაც. 

18 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში პროკურატურა წერს, რომ ეჭვმიტანილი რუსეთის სახელმწიფო ორგანოების დაკვეთით მოქმედებდა. გერმანიის პროკურატურის ვერსიით, მკვლელობის დავალება ეჭვმიტანილმა პირდაპირ რუსეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ძალოვანი სტრუქტურებისგან მიიღო. 

"შეკვეთილი მკვლელობის მიზეზი გარდაცვლილსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის არსებული მტრული ურთიერთობებია. მოკლულს ასეთივე ურთიერთობები აკავშირებდა ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან და, ასევე, საქართველოს პრორუსულ მთავრობასთანაც", — ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები