ნაზი ჯანეზაშვილი

ნაზი ჯანეზაშვილი: თამარ ჩუგოშვილმა რამდენჯერმე დამირეკა და გაჩუმება მთხოვა

პალიტრა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ქართული ოცნების ყოფილი წევრი, თამარ ჩუგოშვილი ხშირად ურეკავდა და გაჩუმებას სთხოვდა. 

პალიტრანიუსის ეთერში ჯანეზაშვილმა თქვა, რომ ჩუგოშვილს მისი იუსტიციის საბჭოს წევრობა აწუხებდა. 

"ეს იყო დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ. მან [ჩუგოშვილმა] Facebook-იდანაც წამშალა. ალბათ, არ მოეწონა ის, რასაც ვაკეთებდი საბჭოში.... გაჩუმებას მთხოვდა, რამდენიმე ზარი იყო: "გაჩუმდი თუ შეიძლება, თუ შეიძლება, არ იყოს ხმაური, არ მოსწონთ ეს ხმაური".. როცა გავაკრიტიკე ქართული ოცნების კანონმდებლობა და, ზოგადად, პოლიტიკა საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით, ესეთი რაღაც მითხრა, შენ ვინც აგირჩია, იმას რატომ აკრიტიკებ, ცოტა უხერხულიაო.

თამარ ჩუგოშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც მხარი დამიჭირა და არა მხოლოდ მან, ასეთები სხვებიც არიან. თამარ ჩუგოშვილზე წინ ვიცნობდი თალაკვაძეს, ხულორდავას და სხვებს, ანუ მხარი ბევრმა დამიჭირა. დასაყვედრებელი არაფერი მაქვს, მე ჩემს ქვეყანას კეთილსინდისიერად ვემსახურები და ამაში ბევრი შემედაროს. გამიხარდება, თუ შემედრებიან, თუნდაც ჩუგოშვილები და სხვები", - ამბობს ჯანეზაშვილი.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს პარლამენტი ირჩევს და მას მხოლოდ ქართულმა ოცნებამ კი არ დაუჭირა მხარი, არამედ ევროპულმა საქართველომაც. 

"მე ვერავინ გამახსენებს ისეთ მაგალითს ჩემს კარიერაში, რომ რამე დამეთმოს, ან რაიმე კომპრომისი მქონოდეს ვინმესთან. პოლიტიკისგან, გავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს საბჭოს წევრი", - თქვა საბჭოს არასამოსამართლე წევრმა.

დღეს, 18 ივნისს, ანა დოლიძემ ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან კრიტიკა ქართულ ოცნებას დაუკავშირა. კონკრეტულად კი ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ჯანეზაშვილი საბჭოს წევრად 2017 წლის 21 ივნისს პარლამენტმა 108 ხმით აირჩია. დოლიძემ თქვა, რომ ჯანეზაშვილის "აქტიურობა ორკესტრირებული დაკვეთის ნაწილია".

ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის" 2020 წლის 21 მაისს დააფუძნა. პარალელურად, 2018 წლის ივნისიდან ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება.

ჯანეზაშვილმა თქვა, რომ დოლიძე კანონს არღვევს.

"როდესაც სხვას აკრიტიკებ გამჭვირვალობის, საჯაროობის, კეთილსინდისიერების ნაკლებობისთვის, ამის მორალური უფლება უნდა გქონდეს და თავად არ უნდა იყო კანონის დამრღვევი", - განაცხადა მან

დოლიძეს საბჭოს დატოვებისაკენ 15 ივნისს 7-მა არასამთავრობო ორგანიზაციამაც მოუწოდა. NGO-ების შეფასებით, ამან საზოგადოების ნაწილში გააჩინა მოლოდინები მის სამომავლო პარტიულ საქმიანობასა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით, რაც იუსტიციის საბჭოში მის თანამდებობასთან შეუთავსებელია.

"ამიტომ, თუ ის უახლოეს მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, მოვუწოდებთ, თავად და დროულად მიიღოს გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ", - წერია არასამთავრობოების განცხადებაში.

ამასთან, ანა დოლიძის თანამდებობიდან გადაყენების უფლებამოსილება არც ერთ სახელმწიფო ორგანოს ან/და თანამდებობის პირს არა აქვს. გადაწყვეტილება მან თავად უნდა მიიღოს.

თუმცა ტვ პირველის ეთერშივე დღეს, 18 ივნისს, დოლიძემ თქვა, რომ პოლიტიკური საქმიანობა რეგულირებულია კანონით და ის კანონის შესაბამისად იმოქმედებს, თუ კენჭისყრას და არჩევნებში მონაწილეობას დააპირებს.

კომენტარები