კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: ორი ახალი შემთხვევიდან ერთი უკვე დადასტურებულთან კონტაქტია, მეორე კი შემოტანილი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული COVID-19-ის ორი ახალი შემთხვევიდან, ერთი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, მეორე კი იმპორტირებული, ანუ შემოტანილი. 

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ, 18 ივნისს ერთი ახალი ინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა. 

"გუშინ შემოვიდა ერთი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებული არ გვყოლია. ამ ეტაპზე, ჩვენს კლინიკაში 21 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. ერთი ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, არ ველოდებით დინამიკაში დაავადებების პროგრესირებას, ლაბორატორიული მონაცემებიც არ არის კრიტერიუმებით სერიოზული", - ამბობს ეზუგბაია. 

მისივე თქმით, კლინიკაში ყველა ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. მძიმე პაციენტი კი არ ჰყავთ. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 895 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 741 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 140 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები