Facebook

Facebook-მა ტრამპის კამპანიის რეკლამა ნაცისტების მიერ გამოყენებული სიმბოლოს გამო წაშალა

GETTY IMAGES

Facebook-მა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის რეკლამა ნაცისტების მიერ გამოყენებული სიმბოლოს გამო წაშალა. კომპანიაში თქვეს, რომ წითელი ამობრუნებული სამკუთხედის სიმბოლოს ნაცისტები ოპონენტების, მათ შორის კომუნისტების წინააღმდეგ იყენებდნენ. ტრამპის კამპანიაში ამბობენ, რომ სიმბოლო მიემართებოდა ულტრამემარცხენე ჯგუფ ანტიფას, რომელიც, მათი თქმით, ამ სიმბოლოს იყენებს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ Facebook-ს ამის მსგავსი ემოჯი აქვს - ამობრუნებული წითელი სამკუთხედი.

Facebook-ში ამბობენ, რომ რეკლამა არღვევდა კომპანიის სტანდარტებს ორგანიზებული სიძულვილის კამპანიის თაობაზე.

"ჩვენ არ დავუშვებთ სიმბოლოებს, რომლებიც სიძულვილის ორგანიზაციებს ან სიძულვილის იდეოლოგიებს წარმოადგენენ, თუ ისინი კონტექსტში არ არის მოცემული და დაგმობილი", - ნათქვამია მათ განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ში მიმდინარე არეულობაში ანტიფას ადანაშაულებს. გასულ თვეში მან თქვა, რომ ჯგუფს ცნობდა ადგილობრივ ტერორისტულ ორგანიზაციად.

ტრამპის ტვიტებს გამაფრთხილებელი ნიშნები გაუკეთა Twitter-მა. Facebook მსგავსი რეგულაციის შემოღებაზე უარს ამბობს, თუმცა ამატებს ახალ ფუნქციას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ფასიანი პოლიტიკური რეკლამები გათიშოს.

კომენტარები