კიბერ-თავდასხმა

ავსტრალიის პრემიერმინისტრი: ქვეყანაში მოქმედ ორგანიზაციებზე კიბერთავდასხმები ხდება

სკოტ მორისონი
The Daily Mail

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა სკოტ მორისონმა თქვა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ და კერძო სექტორში მოქმედი ორგანიზაციების წინააღმდეგ ხდება კიბერთავდასხმა, რომლის უკანაც სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი აქტორები დგანან.

"მიზანში ამოღებულია სხვადასხვა სექტორი, სამთავრობო, ინდუსტრიული, პოლიტიკური ორგანიზაციები, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის და სხვა დიდი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა", - თქვა მან.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ თავდასხმების სიხშირე, არეალი, სირთულე და მათგან მიყენებული ზიანი იზრდება.

მთავრობას არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნიდან მოდის თავდასხმა, თუმცა განცხადების მიხედვით ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის, შესაძლოა, ჩინეთიდან, რუსეთიდან ან ჩრდილოეთ კორეიდან მოდიოდეს.

მორისონმა არ უპასუხა კითხვას თავდასხმებში ჩინეთის შესაძლო მონაწილეობის შესახებ. ავსტრალიასა და ჩინეთს შორის ურთიერთობა უკანასკნელ პერიოდში დაიძაბა მას შემდეგ, რაც ავსტრალიამ კორონავირუსის წარმოშობასა და მასთან გამკლავებაზე გამოძიების ჩატარება მოითხოვა.

ავსტრალიის მთავრობაში ამბობენ, რომ კიბერთავდასხმების წინააღმდეგ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან თანამშრომლობენ და ჯერჯერობით მნიშვნელოვანი ზიანი არ ყოფილა. მათ საზოგადოებას და სხვადასხვა ორგანიზაციებს მოუწოდეს სიფრთხილისა და თავდაცვის მექანიზმების გამოყენებისაკენ.

კომენტარები