ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე

რუსეთის ელჩი გერმანიაში: რეაგირება გვექნება, თუ ბერლინი ხანგოშვილის საქმეზე იმოქმედებს

Bloomberg

რუსეთის ელჩმა გერმანიაში, სერგეი ნეჩაევმა, განაცხადა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ ბერლინი გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო რუსეთის წინააღმდეგ ახალ ნაბიჯებს გადადგამს, მოსკოვს ამაზე რეაგირება ექნება. 

გუშინ, 18 ივნისს, გერმანიის პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა. ამავე დღეს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბერლინში რუსეთის ელჩი გამოიძახა.

ნეჩაევის განცხადებით, ბრალდებები, რის მიხედვითაც რუსეთმა ხანგოშვილის მკვლელობა შეუკვეთა, უსაფუძვლოა და თან მათ არ ახლავს მტკიცებულებები.

გერმანიის პროკურატურის განცხადების ტექსტში აღნიშნულია, რომ ეჭვმიტანილი რუსეთის სახელმწიფო ორგანოების დაკვეთით მოქმედებდა. გერმანიის პროკურატურის ვერსიით, მკვლელობის დავალება ეჭვმიტანილმა პირდაპირ რუსეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ძალოვანი სტრუქტურებისგან მიიღო. 

"შეკვეთილი მკვლელობის მიზეზი გარდაცვლილსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის არსებული მტრული ურთიერთობებია. მოკლულს ასეთივე ურთიერთობები აკავშირებდა ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან და, ასევე, საქართველოს პრორუსულ მთავრობასთანაც", — ნათქვამია განცხადებაში. 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა:

"გერმანიის მთავრობა იტოვებს უფლებას, დამატებითი ზომები მიიღოს ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს გამორჩეულად სერიოზული შემთხვევაა და ამიტომ, გერმანიის მთავრობის თვალთახედვით, აუცილებელია, საკითხი ბოლომდე გადაჭრას სასამართლომ", - თქვა მან.

ზელიმხან ხანგოშვილი, რომელსაც გერმანიის პროკურატურა თორნიკე ქავთარაშვილად მოიხსენიებს, ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა. 

გერმანულმა მხარემ რუსეთს რამდენჯერმე მიმართა გამოძიებაში დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, 4 დეკემბერს გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით იგივე ზომები მიიღო მოსკოვმაც.

კომენტარები