ზვიად რატიანის საქმე

მურღულია ზვიად რატიანის საქმეზე: თუ ორგანიზაცია იქცევა კანონიერად, პრეტენზია არ მაქვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის, გია მურღულიას შეფასებით, პირველი არხის საინფორმაციო პოლიტიკა ყველაზე დაბალანსებულია. კითხვაზე, თავისუფალია თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკური გავლენისგან, მურღულია პასუხობს, რომ "ვერ ვამჩნევ ისეთ პოლიტიკურ ან კომერციულ გავლენას, რომელზეც ეღირებოდა ყურადღების უფრო მეტი გამახვილება, ვიდრე მახვილდება".

"ასეთ პირდაპირ პოლიტიკურ გავლენას მე ვერ ვხედავ, მიმაჩნია, რომ პირველი არხის საინფორმაციო პოლიტიკა არის საკმაოდ დაბალანსებული, ვერ ვხედავ უფრო მეტად დაბალანსებულ ასეთ პოლიტიკას ნებისმიერ სხვა ტელევიზიაში" - ამბობს მეურვეობის მსურველი.

კომისიის წევრის, იურისტი გიორგი ნონიაშვილის კითხვაზე, თუ ნახა პოეტ ზვიად რატიანის დაკავება და ამის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გაშუქება, გია მურღულია პასუხობს, რომ, რა თქმა უნდა, ნახა. კითხვაზე, რას ფიქრობს ამაზე, მეურვეობის კანდიდატი ამბობს, რომ თუ ორგანიზაცია იქცევა კანონის შესაბამისად, პრეტენზია ვერ ექნება.

"რომ გითხრათ, რომ ყოველდღე ამაზე ვფიქრობ, არა, რასაკვირველია, მაგრამ ერთი რამ უნდა ითქვას  -  ყველა მოვლენა, ყველა ფაქტი, რაც შეიძლება მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში, უნდა შეფასდეს კანონის შესაბამისად. თუ ადამიანი ან ორგანიზაცია იქნება კანონის შესაბამისად, მაშინ მე მასთან პრეტენზია არ მაქვს და ვერც მექნება" - თქვა გია მურღულიამ.

გიორგი ნონიაშვილმა მას დაუზუსტა, რომ არა პოლიციის საქციელზე, არამედ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გაშუქებაზე ჰკითხა, რაზეც მეურვეობის კანდიდატმა უპასუხა - "ჩემი პასუხი თანაბრად ეხებოდა ყველას".

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელებმა 2017 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. რატიანის თქმით, სამართლადამცველების გაღიზიანება მისმა ნარინჯისფერმა ქურთუკმა გამოიწვია. რატიანი ამბობს, რომ ის გააჩერეს, შემდეგ კი განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდენჯერმე სცემეს. 

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რატიანმა თავად გაუწია წინააღმდეგობა პოლიციას და მათ უცენზურო გამონათქვამებით მიმართა. ამის შემდეგ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა მობილური ტელეფონით პოლიციელების მიერ გადაღებული არასრული ვიდეოჩანაწერი, სადაც რატიანის გინება ისმის. ამასთან, აღნიშნული ვიდეო მოსამართლემ მტკიცებულებად დაუშვა და საქმის მასალებს დაურთო. სასამართლომ რატიანი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლის თქმით, პოეტს პატიმრობა "საახალწლო დღეების" გამო არ შეუფარდეს.

2018 წლის მარტში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა პოეტ ზვიად რატიანის ვიდეოს გასაჯაროების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.

ზვიად რატიანი თვეების განმავლობაში ითხოვდა მის დაზარალებულად ცნობას და პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის საქმის გამოძიებას. მან 2018 წლის სექტემბერში საქართველო დატოვა. 

კომენტარები