8 მარტის შეთანხმება

კობახიძე: ჩვენ ვასრულებთ [8 მარტის] შეთანხმების ორივე ნაწილს, ოპოზიცია მათ უხეშად არღვევს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქართული ოცნება 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილს ასრულებს, მაშინ, როცა ოპოზიცია მათ "უხეშად არღვევს".

"ჩვენ ვასრულებთ შეთანხმების ორივე ნაწილს, მათ შორის მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების ნაწილში. რაც შეეხება ოპოზიციას, ის უხეშად არღვევს შეთანხმების ორივე ნაწილს," - ამბობს კობახიძე.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თანახმად, ოპოზიცია ამბობს, რომ "მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც შეთანხმების პირველი ნაწილია", მეორე მხრივ კი "ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, გამოუშვან ციხიდან გიორგი რურუა, როცა მმართველ პარტიას "არავითარი უფლება არა აქვს, ვინმე გამოუშვას ციხიდან ან დატოვოს ციხეში."

დღეს, 19 ივნისს, კიდევ ერთი განცხადება გაავრცელეს დიალოგის ფასილიტატორებმა. ისინი ხელმომწერ მხარეებს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ. ელჩები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ შეთანხმებული პირობა "გულისხმობდა იმ ქმედებებზე რეაგირებას, რომლებიც შეიძლება აღქმული იყოს საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაციად". ფასილიტატორების თქმით, ამ საკითხს კვლავაც ექნება კრიტიკული მნიშვნელობა მოახლოებული არჩევნების პერიოდში და მის შესრულებას უწყვეტად და ყურადღებით დააკვირდებიან.

 

კომენტარები