აშშ-ჩინეთი

პომპეო: თუ ჩინეთი ჰონგ-კონგს ექცევა ისე, როგორც ჩინურ ქალაქს, ჩვენც ასე მოვიქცევით

მაიკ პომპეო
Dunia-rmol

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, თუ ჩინეთის კომუნისტური პარტია ჰონგ-კონგს ექცევა ისე, როგორც შენჭენს და შანხაის, აშშ-ც ასე მოიქცევა. 

ჩინეთმა ჰონგ-კონგში წარადგინა ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტები, რომელთა საბოლოო მიღების შემთხვევაში ქალაქის ავტონომია, ფაქტობრივად, დასრულდება. პომპეომ უკვე განაცხადა, რომ ჰონგ-კონგი ავტონომია აღარ არის. ჰონგ-კონგის გამო აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰონგ-კონგის სპეციალური სტატუსის გაუქმება და ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესება დააანონსა.

"გამოვალთ ყველა შეთანხმებიდან, რომელიც აშშ-სა და ჰონგ-კონგს შორის უნიკალურია და პეკინისგან განსხვავებული," - თქვა მან.

პომპეომ ევროპის მთავრობებს მოუწოდა, რომ ჩინეთზე ხმა ამოიღონ. მისი თქმით, აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა "ეკონომიკური კავშირის ოქროს თვალის სახვევები უნდა მოიხსნან" და პეკინთან ურთიერთობის რისკები დაინახონ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ვაშინგტონი მუშაობს, თუ კონკრეტულად ვის უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა ჰონგ-კონგში მიმდინარე მოვლენებზე. 

პომპეომ ყურადღება გაამახვილა სექტემბერში ჩანიშნულ ჰონგ-კონგის არჩევნებზე - "ეს ყველაფერს გვეტყვის, რის ცოდნაც გვინდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის განზრახვაზე ჰონგ-კონგის თავისუფლებასთან დაკავშირებით".

პომპეო 18 ივნისს ჩინელ დიპლომატს, იანგ ძიეჩს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ახალ კორონავირუსზე ვაშინგტონს ჩინეთისგან პასუხები არ მიუღია.

ჰონგ-კონგზე პომპეოს ამ სიტყვებს წინ უძღოდა პრეზიდენტ ტრამპის ხელახალი მუქარა, რომ ჩინეთთან ეკონომიკური კავშირის გაწყვეტა კვლავ განიხილება. 

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთს ვირუსზე ინფორმაციის დამალვაში, ჩახშობასა და გაყალბებაში ადანაშაულებს.

ამჟამად, ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გაუარესებულია და არა მხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების და ჰონგ-კონგში მიმდინარე მოვლენების გამო, არამედ ტაივანის, სამხრეთ ჩინეთის ზღვის, სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკების საკითხის გამო. ასევე, აშშ ჩინეთს უსამართლო ვაჭრობასა და ტექნოლოგიურ მანიპულაციაში ადანაშაულებს.

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მაისში განახლდა, რის მთავარი მიზეზიცაა ჩინეთის განზრახვა, მიიღოს ახალი კანონები ჰონგ-კონგში. 

კანონპროექტების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონების მიღების შემთხვევაში ჩინეთისგან ჰონგ-კონგის სეცესია სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. ასევე, დანაშაული იქნება ჰონგ-კონგის საშინაო საქმეებში ნებისმიერი საგარეო ძალის ჩარევა, ტერორიზმი და ყველა ქმედება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული.

ახალი კანონებით, შესაძლოა, პეკინმა ჰონგ-კონგში კონტინენტური ჩინეთის სადაზვერვო სააგენტოები განათავსოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინელ მაღალჩინოსნებს ჰონგ-კონგში პირდაპირ შეეძლებათ კანონების აღსრულება. 

ამ ყველაფრით კი ჰონგ-კონგს, რომელსაც 1997 წლის შეთანხმებით – "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა" ავტონომია გარანტირებული უნდა ჰქონდეს, საფრთხე ემუქრება. ჩინეთის ეს ქმედება იქნება პასუხი გასულ წელს ჰონგ-კონგის მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის მხრიდან გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ.

ჰონგ-კონგში დემოკრატიის მომხრე კანონმდებლები ამბობენ, რომ კანონპროეტების საბოლოოდ მიღება "ჰონგ-კონგის სიკვდილი იქნება".

კომენტარები