ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე

ხანგოშვილის საქმის გამო ბუნდესტაგში რუსული გაზსადენის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ

რადიო თავისუფლება

გერმანიის ბუნდესტაგის წევრები ანგელა მერკელს მოუწოდებენ, უარი თქვას გაზპრომის გაზსადენის Nord Stream 2-ის მშენებლობაზე. პარლამენტარები ამის მიზეზად, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას ასახელებენ.

ამის შესახებ ფრაქცია თავისუფალი დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრ ლამბსდორფმა განაცხადა. ბუნდესტაგის დეპუტატმა განაცხადა, რომ ბერლინის სამთავრობო კვარტალში მკვლელობა წარმოადგენს "მკვეთრ დარტყმას გერმანიის სუვერენიტეტზე" და "ქვეყანა სამჯერ უნდა დაფიქრდეს, სანამ მოსკოვთან ფულად გაზსადენს ააშენებს." ლამბსდორფის თქმით, გაზის შეძენა სხვა მომწოდებლებისგანაცაა შესაძლებელი. 

"მერკელმა იცის, რომ რუსეთის პოლიტიკა გერმანიის და ევროკავშირის მიმართ არ არის მეგობრული და ამ პირობებში გაუგებარია, თუ რატომ უჭერს მხარს ანგელა მერკელი რუსული გაზსადენის პროექტს. ვფიქრობ, ეს უნდა შეწყდეს", — განაცხადა ალექსანდრ ლამბსდორფმა. 

გაზპრომის გაზსადენი ექსპლუატაციაში 2019 წლის ბოლოს უნდა შესულიყო, თუმცა ამას ხელი აშშ-ს მიერ დაწესებულმა სანქციებმა შეუშალა. გასული წლის ბოლოს, აშშ-მ გაზსადენის მშენებლობის ოპერატორებს სანქციები დაუწესა, რის შედეგადაც, მთავარმა სამშენებლო კომპანიამ შვეიცარიულმა Allseas-სმა პროექტზე მუშაობა შეწყვიტა.

4 ივნისს, აშშ-ის სენატში გაზსადენის მშენებლობაზე ახალი, უფრო მკაცრი სანქციების კანონპროექტი დარეგისტრირდა. პროექტის ინიციატორებს შორის არიან ტედ კრუზი და სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჯინ შაჰინი. 

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ოფიციალურად წარუდგინა ბრალი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის ფედერალური პროკურატურის ვებგვერდზეა განთავსებული.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებაში ლაპარაკია მკვლელობის გარემოებებზე, მათ შორის ხანგოშვილის ურთიერთობებზე რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებასთან. განცხადებაში საქართველოს მთავრობა მოხსენიებულია როგორც პრორუსული.

"მკვლელობის შეკვეთის უკან იდგა მსხვერპლის წინააღმდეგობა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების, ჩეჩნეთისა ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების, ისევე, როგორც საქართველოს პრორუსული მთავრობის მიმართ", — ნათქვამია განცხადებაში.

ზელიმხან ხანგოშვილი, რომელსაც გერმანიის პროკურატურა თორნიკე ქავთარაშვილად მოიხსენიებს, ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულს რუსული პასპორტი აღმოაჩნდა.

გერმანულმა მხარემ რამდენჯერმე მიმართა რუსეთს გამოძიებაში დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, 4 დეკემბერს გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით იგივე ზომები მიიღო მოსკოვმაც.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე უფრო მეტი წაიკითხეთ აქ.

კომენტარები