რუსეთი

მაისში რუსეთის ეკონომიკის მოცულობა 11%-ით შემცირდა

გასულ თვეში რუსეთის ეკონომიკის მოცულობა 10,9%-ით შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ავრცელებს. შედარებისთვის: აპრილში რუსეთის ეკონომიკა 12%-ით შემცირდა. 

რაც შეეხება წლის პირველ კვარტალს, კლებამ 1,6% შეადგინა, ხოლო ჯამურად იანვარ-მაისის პერიოდში რუსეთის ეკონომიკა 3,7%-ით შემცირდა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მაისის შუა რიცხვებში მოხსნილი შეზღუდვების მიუხედავად, ეკონომიკური აქტივობა მთელი ქვეყნის მასშტაბით საგრძნობლად იყო შემცირებული . 

მკვეთრი კლების კიდევ ერთი მიზეზია რუსეთისა და OPEC-ის შეთანხმება, რომელიც ნავთობის მოპოვების რეკორდულ შემცირებას ეხებოდა, რაც უარყოფითად აისახა რუსეთის ეკონომიკის უმსხვილეს სექტორებზე.

წლიურ გამოსახვაში რუსეთის ნავთობის მოპოვება 14,6%-ით არის შემცირებული. მაისში გაიზარდა უმუშევართა რაოდენობაც და ჯამურად 6,1% შეადგინა. 

სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზი რუსეთის ეკონომიკის მიმართ საგრძნობლად განსხვავებულია და ორგანიზაციები 4,5%-დან 8%-მდე კლებას ვარაუდობენ.

კომენტარები