სერგეი გავრილოვი

გავრილოვი: საქართველომ რუსეთს და პუტინს, რომელიც არაფერ შუაშია, ბოდიში უნდა მოუხადოს

Vestnik Kavkaza

რუსი კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომლის საქართველოში ვიზიტსაც 2019 წლის 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია მოჰყვა, კვლავ საქართველოზე ლაპარაკობს. გავრილოვი, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევს, ქართული მხარისგან ბოდიშს ელოდება.

კომუნისტი დეპუტატი აცხადებს, რომ ისინი პატიებას არ მოითხოვენ, თუმცა ამავდროულად მიიჩნევს, რომ "ბოდიში აუცილებელია ასამბლეის მონაწილე ევროპელი დეპუტატებისთვის, ასევე ძმებისთვის, რომლებსაც საქართველოს კეთილდღეობა სურთ. ბოდიში [აუცილებელია] რუსეთის შეურაცხყოფისთვის და არსებითად არაფერთან დაკავშირებულ რუსეთის პრეზიდენტთან, დეპუტატებთან, ჩვენს საერთო ისტორიასთან".

გავრილოვის განცხადებით, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა საქართველო-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობის აღდგენისთვის. ამასთან ერთად, ის მიიჩნევს, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისთვის გამბედაობა აუცილებელია.

"ყოველმა ჩვენგანმა უნდა გადადგას, შეიძლება არც ისე დიდი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რათა ეს ბუნდოვანი მდგომარეობა გადავლახოთ. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვეულებრივმა ხალხმა ჩვენთვის ახლო, მონათესავე ქვეყნის, საქართველოს მთავრობას უნდა მისცეს შანსი და მანდატი, რათა მათ ქვეყანაში საბოლოოდ დაისადგუროს მშვიდობამ," - ამბობს ის.

რუსი კომუნისტი დეპუტატი აცხადებს, რომ  ვინც შარშან, მისი თქმით, სახელმწიფო გადატრიალებას ანტიქრისტიანული, ანტიმართლმადიდებლური ლოზუნგებით აწყობდა, შიდაპოლიტიკური პრობლემების გადაჭრას ბინძური ხერხებით ცდილობდა, ისინი უნდა შეაჩერონ - "და ამაში გამოიყენეს საქართველოს ისტორიაში უნიკალური მოვლენა, მართლმადიდებლური საპარლამენტო ასამბლეა, რათა დაეგმოთ არა მხოლოდ ჩვენი, მართლმადიდებელი დეპუტატების საზოგადოება, არამედ საქართველოს მთავრობაც".

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ დღეს საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას იმისათვის, რომ საბოლოოდ ჩაშალოს გადატრიალების მომხრე რევანშისტების გეგმები," - თქვა კომუნისტმა რუსმა დეპუტატმა ვიდეომიმართვაში.

გავრილოვს სწამს, რომ საქართველოს მოქალაქეების ინტერესშია "თანაბარუფლებიანი, ღია ურთიერთობების დამყარება რუსეთთან".

"ჩვენ არ ველით პატიებას, მაგრამ მივიჩნევთ, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა. ბრალდებულებს ბინძურ პროვოკაციაში, რომელიც ჩვენი ურთიერთობების წინააღმდეგ იყო მიმართული, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ," - დასძინა მან.

კომენტარები