არჩვენები 2020

ბოკერია: საარჩევნო ცვლილებების პირველ მოსმენაზე ჩავარდნა პროცესს საბოლოოდ გაჭედავს

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრებში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუ "ის ნაბიჯი არ გადაიდგმება, რომელიც [8 მარტის] შეთანხმების შესასრულებად არის აუცილებელი".

მისი თქმით, ევროპული საქართველოს მონაწილეობა კენჭისყრაში ივანიშვილს აძლევს კიდევ ერთ შანსს, რომ "არც თავისი თავი დაღუპოს პოლიტიკურად და პერსონალურად და, მეორე მხრივ, ქვეყანას დამატებითი ზიანი არ მიაყენოს"

ბოკერიამ პირველ მოსმენაზე მათი მონაწილეობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ახსნა: 

"პირველ მოსმენაზე ჩავარდნა პროცესის საბოლოოდ გაჭედვას გამოიწვევს. ჩვენ ამ სცენარისთვისაც მზად ვართ, მაგრამ ეს ქვეყნისთვის ცუდი სცენარია და ჩვენ მათ შანსს ვაძლევთ, რომ ქვეყნისთვის ეს ცუდი სცენარი არ განხორციელდეს. დანარჩენი ივანიშვილის ხელშია. მას შეუძლია თავიც დაიღუპოს, ან გადადგას ნაბიჯი, რომელიც ყველას ინტერესშია: ჩვენი, მათი, პირადად მისი და საქართველოს ყველა მოქალაქის",- თქვა გიგა ბოკერიამ. 

ევროპული საქართველო საკონტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს. თუმცა მეორე მოსმენასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს იქამდე, ვიდრე მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება. 

საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა კვირას, 21 ივნისს დაიწყება.

საკონსტიტუციო ცვლილებაზე ოპოზიცია და ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად 8 მარტს შეთანხმდნენ - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით უნდა ჩატარდეს, რაც 120 დეპუტატის პროპორციული, ხოლო 30-ის - მაჟორიტარული სისტემით არჩევას ითვალისწინებს. იმისათვის, რომ ოპოზიციამ კანონპროექტს მხარი დაუჭიროს, ხელისუფლებამ კიდევ ერთი პირობა უნდა შეასრულოს - გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა.

კომენტარები