1 წელი 20 ივნისიდან

აშშ-ის საელჩო: ევროატლანტიკური გზა რუსული აგრესიისგან დასაცავად საუკეთო საშუალებად რჩება

Shutterstock

20 ივნისის, "გავრილოვის ღამიდან" ერთი წლისთავთან დაკავშირებით, აშშ-ს საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს.

საელჩოში აცხადებენ, რომ ისინი კვლავ მხარს უჭერენ მოსახლეობას, რომელმაც რუსული ოკუპაცია გააპროტესტა. 

"20 ივნისს ერთი წელი შესრულდა, რაც რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია გააპროტესტა. ვიხსენებთ რა ამ დღეს, როდესაც ასობით ადამიანი დაშავდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათ მოწოდებას რუსეთის აგრესიის შეწყვეტისა და საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისკენ.

გასული წელი საქართველოში გამოირჩეოდა გამოწვევებითა და გაურკვევლობით, დიალოგითა და კომპრომისით. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო თვეებში მოსალოდნელია მეტი გამოწვევა, მათ შორის ერთ-ერთი ძირითადი გლობალური პანდემიაა, გაჩნდება შესაძლებლობებიც. შემდგომი დემოკრატიზაცია, მათ შორის საარჩევნო რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს მეტ პლურალიზმს პარლამენტში და წინსვლა ევროატლანტიკურ გზაზე კვლავაც რჩება საუკეთესო საშუალებად რუსული აგრესიისგან საქართველოს დასაცავად.

ვიხსენებთ რა ერთი წლის წინანდელ მოვლენებს, ვუერთდებით ჩვენს ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს საქართველოს უწყვეტი დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში",- წერია საელჩოს განცხადებაში. 

2019 წლის 20 ივნისს ხელისუფლებამ მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო, ანტირუსული აქცია სპეცრაზმის გამოყენებით – წყლის ჭავლით, რეზინის და ე. წ. დათვის, წითელი რაკეტისებრი ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა. დაშავდა ათობით ადამიანი, მათგან 38 ჟურნალისტი. ორმა მოქალაქემ თვალიც დაკარგა. თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ დემონსტრანტები სახელმწფო გადატრიალების მოწყობას გეგმავდნენ. 20 ივნისის აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი. 

კომენტარები