აშშ-რუსეთი

აშშ და რუსეთი შეიარაღების კონტროლზე ავსტრიაში მოლაპარაკებას გამართავენ

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ 23 ივნისს შეიარაღების კონტროლზე აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მარშალ ბილინგსლეა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი რიაბკოვთან, ავსტრიაში შეხვედრას გამართავს.

მხარეები განიხილავენ "შეიარაღების კონტროლის მომავალთან დაკავშირებულ თემებს, რაზეც ორივე მხარე თანხმდება".

აშშ-ს მხარე დისკუსიებში ჩასართველად კიდევ ერთხელ ეპატიჟება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ ქვეყანამ ნათლად აჩვენა, რომ შეიარაღების კონტროლზე კეთილსინდისიერი მოლაპარაკებებისთვის სამივე ქვეყნის ჩართულობა აუცილებელია.

7 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თავის რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს კიდევ ერთხელ დაუდასტურა აშშ-ს სურვილი, რომ შეიარაღების ახალი შეთანხმება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ჩინეთსაც მოიცავდეს.

თავდაპირველად ტრამპი 2019 წელს გამოვიდა შეთავაზებით, რომ აშშ-მ, რუსეთმა და ჩინეთმა დადონ ახალი შეთანხმება, რაც 2011 წლის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების პაქტს ჩაანაცვლებს. ჩინეთმა, რომლის არსენალიც 300 ბირთვულ იარაღს მოიცავს, რაც აშშ-სა და რუსეთისაზე ნაკლებია, უკვე უარყო ეს შეთავაზება.

ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჩინეთი უნდა ჩაერთოს შეიარაღების კონტროლის ახალ შეთანხმებაში, რადგან მისი ბირთვული არსენალი, რომელიც მოდერნიზაციის პროგრამას ახლა გადის, მზარდი საფრთხეა.

სტრატეგიული შეიარაღების შემცირების პაქტს (START) აშშ-მ და რუსეთმა 2011 წელს მოაწერეს ხელი. პაქტს, რომელიც სტრატეგიული ბირთვული რაკეტების სატყორცნ დანადგარებს აკონტროლებს, 2021 წლის თებერვალში ვადა ეწურება. მოსკოვი შეთანხმების გაგრძელებაზე თანახმაა.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ ახალი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების პაქტი (New Start) უნდა მოიცავდეს "ახალ სისტემებს, როგორიცაა ბირთვული ენერგიით აღჭურვილი შეიარაღება, წყლისქვეშა სისტემა, დრონი ბირთვული შეიარაღებით, სახელად პოსეიდონი, ბირთვული საკრუიზო რაკეტა, საჰაერო ბალისტიკური რაკეტა და ამგვარი შეიარაღება".

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 17 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ შეიარაღების კონტროლზე ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება რუსეთთან ერთად ჩინეთსაც უნდა მოიცავდეს.

გასული წლის იანვარში აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, 1987 წელს რეიგანისა და გორბაჩოვის მიერ რუსეთთან გაფორმებული შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმების (INF) დატოვების შესახებ. აშშ-მ შეთანხმება სრულად აგვისტოში დატოვა. ამის შემდეგ შეთანხმებიდან გავიდა რუსეთიც, ხოლო პუტინი დაიმუქრა, რომ, თუ აშშ ახალ რაკეტებს შექმნიდა, რუსეთიც იმავეს გააკეთებდა.

შეთანხმება რუსეთსა და აშშ-ს 500-დან 5 000 კილომეტრამდე მოქმედი რაკეტების გამოყენებას უკრძალავდა. აშშ-მ და ნატომ რუსეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთი აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობდა, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას  მცირე დროში გახდის შესაძლებელს.  

"აშშ-მ აღიდგინა შეიარაღების კონტროლის სანდოობა, როდესაც ჩვენ INF-ის შეთანხმებიდან ნატოს ერთსულოვანი მხარდაჭერით გამოვედით, მას შემდეგ, რაც რუსეთი განუწყვეტლივ არღვევდა მის წესებს," - განაცხადა პომპეომ.

კომენტარები