დიღმელაშვილი: აქცია 2 საათს გაგრძელდება, სიტყვით 20 ადამიანი გამოვა, აქედან 5 - ოპოზიციონერი

მოძრაობა სირცხვილიას ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, 20 ივნისის აქცია ორი საათის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ მან ტაბულას LIVE-ში თქვა. დიღმელაშვილის განმარტებით, ამას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აკეთებენ, რადგან დიდი ხნის მანძილზე ერთ ტერიტორიაზე ბევრი ადამიანის ყოფნა მიზანშეწონილი არ არის.

"ისე ვიზამთ, ორ საათში რომ ჩავეტიოთ. ჩვენ ვნახეთ რეკომენდაციები, ვიცით, რომ განსაკუთრებული ყვირილი არ არის მიზანშეწონილი, რადგან ბევრ ჟანგბადს მოვიხმართ ამ დროს. თან, პირბადეებით დიდი ხნის მანძილზე ყოფნაც არ არის კომფორტული. ამიტომ შევეცადეთ, რომ კომპაქტურად და დინამიკურად გაგვეკეთებინა" - თქვა დიღმელაშვილმა.

სირცხვილიას ლიდერმა აღნიშნა, რომ აქციაზე სიტყვით 20 ადამიანი გამოვა, აქედან 5 ოპოზიციონერი.

"შევეცადეთ, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი მოგვეცვა. ეს აქცია დავტოვეთ სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტაციად, რომელიც კარს უღებს ყველას. სულ იქნება 20 გამომსვლელი, აქედან 15 სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელი და დაზარალებული, ხოლო 5 - ოპოზიციის წევრი" - თქვა დიღმელაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე "გავრილოვის ღამის“ ერთი წლისათვისადმი მიძღვნილი აქცია 19:00-ზე დაიწყება. ტერიტორია უკვე გადაიკეტა. აქციაზე დისტანციას სტიკერებით დაიცავენ, რომელზეც ვლადიმირ პუტინია გამოსახული.

რა ხდება რუსთაველის გამზირზე, დისკუსია - ერთი წელი "გავრილოვის ღამიდან" - ნახეთ თამარ ჩერგოლეიშვილის და დავით კოვზირიძის Facebook Live.

კომენტარები