ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობა

დოლიძე: პრეზიდენტს არასდროს გამოუვლენია ქალური სოლიდარობა და ადამიანური გვერდში დგომა

ანა დოლიძე
ანა დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, მოძრაობა "ხალხისთვის" დამფუძნებლის, ანა დოლიძის თქმით, "საქართველოს პრეზიდენტს არც ერთხელ არ გამოუვლენია არც სახელმწიფოებრივი პოზიცია, თუ რა ხდებოდა სასამართლოზე, არც ქალური სოლიდარობა და არც ადამიანური გვერდში დგომა". მისი შეფასებით, ამ პირობებში, პრეზიდენტის "უსწრაფესი" გამოხმაურება მიანიშნებს იმაზე, რომ "ეს არის ქართული ოცნების მიერ წინასწარ შექმნილი დღის წესრიგი".

ანა დოლიძის აზრით, "ამას ხშირად მხარს უბამს ნაციონალური მოძრაობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაზიანდნენ ადამიანები, ვისაც შეუძლია ეს ორმეფობის დღის წესრიგი შეცვალონ".

ანა დოლიძემ, რომელიც 2018 წლის ივნისიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია, 2020 წლის 21 მაისს დააფუძნა სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის", 18 ივნისს კი, დეპუტატ ლევან კობერიძესთან, ასევე, ალექსანდრე ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან ერთად, პოლიტიკური პლატფორმა შექმნა.

ანა დოლიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვება 15 ივნისს 7-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოსთხოვა. NGO-ების შეფასებით, დოლიძის ქმედებამ საზოგადოების ნაწილში გააჩინა მოლოდინები მის სამომავლო პარტიულ საქმიანობასა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით, რაც იუსტიციის საბჭოში მის თანამდებობასთან შეუთავსებელია.

თავად დოლიძემ NGO-ების პასუხად განაცხადა, რომ იუსტიციის საბჭოში საქმიანობის გაგრძელებას აპირებს, ხოლო, "თუ პოლიტიკურ საქმიანობას გადაწყვეტს, იუსტიციის საბჭოსთან მიმართებაში გადაწყვეტილებასაც კანონის შესაბამისად მიიღებს".

მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ანა დოლიძის თანამდებობიდან გადაყენების უფლებამოსილება არცერთ სახელმწიფო ორგანოს ან/და თანამდებობის პირს არ აქვს. 

19 ივნისს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილს დოლიძის გათავისუფლების უფლება არა აქვს და მისგან "ღირსეულ და დროულ გადაწყვეტილებას" ელოდება.

კომენტარები