კორძაია: არ დავიღლებით იმ ბრძოლისთვის, რასაც ჰქვია თავისუფლება და თანასწორობა

"საქართველოს მოქალაქეზე მეტი ძალა ხელისუფლებისთვის არ არსებობს და განწირულია ის ხელისუფლება, რომელიც კარგავს კავშირს საკუთარ მოქალაქესთან" - თქვა ამის შესახებ "გავრილოვის ღამის" წლისთავისადმი მიძღვნილ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას რესპუბლიკური პარტიის წევრმა, თამარ კორძაიამ. 

"არ დავიღლებით იმ ბრძოლისთვის, რასაც ჰქვია თავისუფლება, რასაც ჰქვია თანასწორობა ყველა დონეზე - სახელმწიფოებრივ დონეზე, პოლიტიკურ დონეზე, ადამიანურ დონეზე. ძალა მრავალფეროვნებაშია, მრავალფეროვნებაში უნდა შევქმნათ ეს ქვეყანა, მრავალფეროვანი წარმომადგენლობა უნდა იყოს პარლამენტში, თითოეული თქვენგანის ხმა უნდა ისმოდეს, თქვენი პოლიტიკური გემოვნების შესაბამისად უნდა იყოს დაკომპლექტებული საქართველოს საკანონმდებლო ორგანო." - თქვა კორძაიამ.

რესპუბლიკური პარტიის შეფასებით, ხვალ უმნიშვნელოვანესი დღეა. სწორედ 21 ივნისს იწყებს საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას.

"ერთი წლის თავზე, მაშინ, როცა გახარიამ და მისმა ხელისუფლებამ თვალები დასთხარა საქართველოს მოქალაქეებს, ამ ქვეყნისთვის მებრძოლ ადამიანებს, ხვალ ოდნავ მაინც უნდა გამოასწოროს ის, რაც არ გააკეთეს ერთი წლის განმავლობაში, რასაც გააფთრებით ებრძვიან, ხვალ უნდა შეიქმნას პირობა იმისთვის, რომ პარლამენტში მრავალფეროვნება და პროპორციები იყოს უზრუნველყოფილი, მივაღწიოთ თავისუფალ, თანასწორ გარემოს ამ ქვეყანაში და ვიყოთ ღირსეული საზოგადოება, ჩვენ არ დავუთმობთ საკუთარ ღირსებას არც გახარიას, არც ივანიშვილს და არავის დედამიწაზე.

არ დავთმობთ ამ ღირსებას, არ უნდა გაბედოს გავრილოვმა ბოდიშის მოხდის მოთხოვნა ჩვენთვის.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საქართველოში არც ერთი ადამიანი არ გრძნობს თავს დაცულად, არ გრძნობს, რომ სახელმწიფო დგას მის უკან და იცავს მის ინტერესებს

ხვალ დაველოდებით პარლამენტის უნარიანობას, მიიღოს ის გადაწყვეტილება, რასაც დაგვპირდა ჩვენ, თუ არადა ჩვენ არ დავიღლებით თავისუფლებისთვის ბრძოლაში" - თქვა კორძაიამ სიტყვით გამოსვლისას.

2019 წლის 20 ივნისს ხელისუფლებამ მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო, ანტირუსული აქცია სპეცრაზმის გამოყენებით – წყლის ჭავლით, რეზინის და ე. წ. დათვის, წითელი რაკეტისებრი ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა. დაშავდა ათობით ადამიანი, მათგან 38 ჟურნალისტი. ორმა მოქალაქემ თვალიც დაკარგა. თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ დემონსტრანტები სახელმწფო გადატრიალებას გეგმავდნენ. 20 ივნისის აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ჩაჯდა.

ყველაფერი 20 ივნისის მოვლენების შესახებ, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები