გომური: არასდროს შევეგუებით იმ ქვეყნის ბატონობას, რომელიც დღესაც გვართმევს ტერიტორიებს

"არასდროს შევეგუებით საქართველოში იმ ქვეყნის ბატონობას, რომელიც დღესაც გვართმევს ტერიტორიებს და დღესაც გვპარავს ადამიანებს" - თქვა ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გავრილოვის ღამის დაზარალებულმა მაკო გომურმა.

"ერთი წლის წინაც ასე ვიდექი, იგივე ტანსაცმელი მეცვა და, როგორც ახლა ვქმნი რაიმე საფრთხეს თქვენთვის, სამართალდამცავებისთვის ან პარლამენტის შენობისთვის, მაშინაც ზუსტად ასეთ საფრთხეს წარმოვადგენდი. მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ერთი სამართალდამცველისთვის და მესროლა. რატომ? ეს ის შეკითხვაა, რაზეც ერთი წლის მანძილზე პასუხი ვერ მივიღე. რეალობა ხომ მარტივია - უნდა მივიღო საკუთარი წილი სამართალი, თუმცა, სხვა რეალობაც არის, რომელიც არის ჩემ წინ პარლამენტის შენობაში, სადაც იმის თქმასაც კი ბედავენ, რომ აღარ ახსოვთ, რა მოხდა და ჩვენი თვალები მეორეხარისხოვანი გახდა" - თქვა გომურმა.

მან მიმართა ხელისუფლებას: "ჩემი თვალის ამოთხრით, გიორგის თვალის ამოთხრით, დათოს თვალის ამოთხრით, რომელი შტურმი აარიდეთ პარლამენტს, რას უშლიდა იქ ჩვენი დგომა?"

"უამრავი კითხვაა, რაზეც პასუხი დღემდე არ მაქვს და ეს კითხვები თანდათან მატულობს, თუმცა იმედი მაქვს, რომ თქვენთან ერთად, თქვენი ანთებული გულებით შევძლებ ამ ბრძოლის ბოლომდე მიყვანას და, საბოლოოდ, მე ვიქნები გამარჯვებული.

ისიც ვიცი, ხშირად იქნებიან ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან, ჩვენზე ცუდი რაღაცები ილაპარაკონ, ჩვენი გაშავება მოინდომონ საზოგადოებაში, იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ჩვენი აქ დგომა, ჩვენი პროტესტი არის უკეთესი მომავლისთვის, რაც ამდენი წელია არ ჰქონია ჩვენს ქვეყანას.

მადლობა, რომ მოხვედით დღეს. თქვენი დახმარებით ვგრძნობ, რომ მე მარტო არ ვარ ამ ბრძოლაში." - თქვა მაკო გომურმა, რომელმაც ერთი წლის წინ, აქციის დარბევისას თვალი დაკარგა.

კომენტარები